ქართველი ''ათიანის'' გოლი გერმანიის ჩემპიონატში
გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის, მესამე ლიგის მე-19 ტურში ''უნტერჰაჰინგმა'' შინ ერთ-ერთ კონკურენტ ''ოსნაბრიუკს'' უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
''უნტერჰაჰინგის'' ქართველმა ''ათიანმა'' ლუკას ჰუფნაგელმა 56-ე წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა სტუმრებმა 88-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. ჰუფნაგელის გუნდმა უმნიშვნელოვანესი 2 ქულა დაკარგა.
ჰუფნაგელმა, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, მოედანზე 90 წუთი გაატარა და მიმდინარე სეზონში მესამე გოლი შეაგდო. 24 წლის ფეხბურთელმა გოლები ასევე გაუტანა ''უერდინგენსა'' და ''კარლ ცაისს.'' ლუკას ანგარიშზე 12 მატჩში 3 გოლის გარდა 3 საგოლე გადაცემაა.
''უნტერჰაჰინგი'' 32 ქულით მეხუთე ადგილზეა და საუკეთესო სამეულს 2 ქულით ჩამორჩება. გათამაშებას ''კარლსრუე'' და ''ოსნაბრიუკი'' 38-38 ქულით ლიდერობენ.
მიმდინარე სეზონში ''უნტერჰაჰინგის'' მიზანი მეორე ბუნდესლიგაში აღზევებაა.
ჰუფნაგელს ''უნტერჰაჰინგის'' გარდა ''ფრაიბურგსა'' და ''ნიურნბერგში'' უთამაშია.
ფოტო: fupa.net