Aa
Aa

სუპერ მატჩი! - თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტუმრად "რეალი" დაამარცხა!

ოთხშაბათს თბილისის დროით 23:00-ზე სტარტი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურმა სერიამ აიღო. როგორც მოგეხსენებათ ტურნირის გადამწყვეტ ეტაპზე ერთმანეთს "რეალი" და "ბასკონია" უპირისპირდებიან. "სამეფო გუნდმა" სეზონი ლიდერის სტატუსით დაასრულა და პირველ შეხვედრაში მოედნის უპირატესობა ჰქონდა, მიუხედავად ამისა მადრიდელები შინ "ბასკონიასთან" დამარცხდნენ და მეტოქეს სერიაში წინ გასვლის საშუალება მისცეს.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, პირველი ნახევარი ფრედ - 39-39 დასრულდა. "ბასკებმა" უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვეს და აღნიშნული პერიოდი 28-19 მოიგეს. "რეალმა" თამაშში დაბრუნება უკანასკნელ მეოთხედში სცადა, თუმცა ვიტორიელებმა ბოლომდე იბრძოლეს და შეხვედრაში 4 ქულიანი სხვაობით, 94-90 იმარჯვეს.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ყველაზე მეტი, 30:06 წუთი გაატარა. თოკომ ამ დროში გუნდს 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 გადაცემა შესძინა. შენგელიამ 6-დან 3 ორიანი. 4-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

"ბასკონიას" რიგებში საუკეთესო ლუკა ვილდოზა იყო, მან მოედანზე 18 წუთი გაატარა და აქტივში 16 ქულა ჩაიწერა, ვინსენტ პუარემ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა, ტიმამ, თოკოს მსგავსად 12 ქულა მოაგროვა, ბობოა-ვოიტმანის დუეტმა კი გუნდს 11 ქულა შესძინა.

 

"რეალის" მხრიდან 20 ქულით ჯეისი კეროლი გამოირჩა. ლუკა დონჩიჩმა და ვალტერ ტავარესმა გუნდს 12-12 ქულა შესძინეს, სერხიო ლულმა კი შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.

"ბასკონია" სერიაში 1-0 დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას კვლავ სტუმრად 16 ივნისს გამართავს, მატჩი თბილისის დროით 00:15-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები