Aa
Aa

"ფორმულა 1". რუსეთში ჩემპიონობას კვლავ მერსედესისგან ელიან

უახლოეს უქმეებზე, სოჭში მეორედ გაიმართება რუსეთის გრან-პრი. ამ ეტაპის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა - "მერსედესის" მიერ ზედიზედ მეორედ კონსტრუქტორთა თასის მოგება.

სხვათა შორის, გერმანულმა საჯინიბომ შარშანაც სწორედ სოჭში გაიფორმა გუნდურ ჩათვლაში გამარჯვება. და წელს, "მერსედესს" ამ წარმატების გამეორების ყველა შანსი აქვს. ამ მომენტისთვის, ეს გუნდი 169 ქულით უსწრებს "ფერარის". თუ უახლოეს უქმეებზე ლუის ჰემილტონი და ნიკო როსბერგი სამი ქულით მეტს დააგროვებენ, ვიდრე სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი, დარჩენილ ოთხ რბოლაში "მერსედესს" კონსტრუქტორთა თასს ვერც ერთი გუნდი ვერ შეეცილება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ჩათვლას, ფინიშამდე ხუთი ეტაპით ადრე, ჩემპიონის ტიტულის სამი მაძიებელი გვყავს. ლუის ჰემილტონი ნიკო როსბერგს 48 ქულით უსწრებს, თავის მხრივ, როსბერგი სებასტიან ფეტელზე 11 ქულით წინ არის. სწორედ ეს სამი პილოტი იგებდა წელს რბოლებს და საბოლოოდ, რომელიმე მათგანი გახდება ჩემპიონი.

რუსული რბოლის ფავორიტად ლუის ჰემილტონს ასახელებენ. ბრიტანელმა პილოტმა ბოლო ოთხი ეტაპიდან სამი მოიგო, ის ფორმის პიკზე იმყოფება და ძალიან მიუახლოვდა კარიერაში მესამე ტიტულს.

ნიკო როსბერგი კი ბოლო რბოლებში ვერ ახერხებს პარტნიორისთვის ბრძოლის თავზე მოხვევას, თუმცა ამისთვის სულ მცირედი აკლდება. იაპონიაში გერმანელმა კვალიფიკაციაში დაამარცხა ჰემილტონი, მაგრამ პირველ მოსახვევში გამოჩენილმა სისუსტემ პელოტონში ქვედა ადგილებზე ჩამოაგდო. ამასობაში, სინგაპურში გამარჯვების შემდეგ, სებასტიან ფეტელი ძალიან მიუახლოვდა როსბერგს და მისი მხრიდან პრესინგმა, შესაძლოა, ნიკოს კიდევ უფრო მეტი პრობლემები შეუქმნას.

 

სუზუკას ტრასა

სიგრძე: 5854 მეტრი

წრეების რიცხვი: 53

რბოლის დისტანცია: 309 კილომეტრი

მოსახვევები: 18 (6 მარცხენა, 12 მარჯვენა)

DRS-ის ზონა: ორი

უგრძესი სწორი მონაკვეთი: 1073 მეტრი

ტრასის რეკორდი: 1:40.896 (ბოტასი, "უილიამსი", 2014)

ყველაზე მეტი მოგება: 1 - ლუის ჰემილტონი

 

უქმეების განრიგი

9 ოქტომბერი, 11:00 - I პრაქტიკა

9 ოქტომბერი, 15:00 - II პრაქტიკა

10 ოქტომბერი, 13:55 - III პრაქტიკა

10 ოქტომბერი, 16:00 - კვალიფიკაცია

11 ოქტომბერი, 16:00 - რბოლა

 

საერთო ჩათვლა

1. ჰემილტონი (მერსედესი) - 277

2. როსბერგი (მერსედესი) - 229

3. ფეტელი (ფერარი) - 218

4. რაიკონენი (ფერარი) - 119

5. ბოტასი (უილიამსი) - 111

6. მასა (უილიამსი) - 97

7. რიკარდო (რედ ბული) - 73

 

8. კვიატი (რედ ბული) – 66

ცხელი ამბები