საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, ტიტე კალანდაძე
Aa
Aa

მწვრთნელთა კოლექტივმა თავი ამოწურა, წასვლის დროა | მეძმარიაშვილის შეფასება

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა პლეი ოფის პირველივე ეტაპზე დაასრულა. ორი დღის წინ თელავში ისრაელის ნაკრებთან სამბურთიანი სხვაობით განცდილი მარცხის შემდეგ, დღეს ისევ თელავის სპორტის სასახლეში ტიტე კალანდაძის მომზადებულმა მოთამაშეებმა 30:28 გაიმარჯვეს, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა მატჩის შემდეგ კრისტალსპორტთან საუბარში განაცხადა, რომ ხელბურთის ნაკრების სამწვრთნელო კოლექტივმა თავი ამოწურა და ახლა მათი წასვლის დროა.

„მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს, მოთამაშეებს, რომელთაც თავი არ დაზოგეს, მიუხედავად იმისა რომ წინა მატჩი შედარებით უფერულად ჩაატარეს. მათ თითქმის მაქსიმუმი გააკეთეს. რაც შეეხება მსაჯებს, ამაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ალბათ მწვრთნელთა კოლექტივმა, რომელიც ამდენი წელია მუშაობს, თავი ამოწურა. სჯობს მწვრთნელებმა თავიანთ შეცდომებზე ისაუბრონ და არა მსაჯების შეცდომებზე. მე რომ მკითხოთ, ახლა სახლში უნდა მიდიოდნენ. ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა შეისწავლა ჩვენი გუნდი და მეტოქის მოთამაშეებმა დავალებები შეასრულეს. ჩვენი ნაკრების მხრიდან ასე არ იყო, ამიტომ მე მიმაჩნია რომ მწვრთნელებმა თავიანთი თავი ამოწურეს. ბევრი რამ გააკეთა, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ახლა ალბათ სხვისი დროა’’.

უნდა აღინიშნოს, რომ წინა შეხვედრის მსგავსად, დაცვაში თამაში ბოლომდე დალაგებული არ იყო, რის გამოც შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა და ყველაზე დიდი სხვაობით საქართველოს ნაკრები ოთხი ბურთით იყო დაწინაურებული, რისი შენარჩუნებაც ვერ მოხერხდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ყველაზე შედეგიანი ამჯერადაც გიორგი ცხოვრებაძე გახლდათ, რომელმაც 8 ბურთი მიითვალა, ნიკოლოზ კალანდაძის ანგარიშზე კი 7 გოლი გახლდათ.

ცნობისათვის, ისრაელთან მატჩები საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სამი წამყვანი ტრავმირებული მოთამაშის, კაპიტნის თეიმურაზ ორჯონიკიძის, ზურაბ გოგავას და ერეკლე არსენაშვილის გარეშე ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისრაელი - საქართველო | ფოტოამბავი
ისრაელი - საქართველო | ფოტოამბავი