ორბურთიანი მოგება საკმარისი არ აღმოჩნდა - ხელბურთელებმა მსოფლიოსთვის ბრძოლა დაასრულეს
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა პლეი ოფის პირველივე ეტაპზე დაასრულა. ორი დღის წინ თელავში ისრაელის ნაკრებთან სამბურთიანი სხვაობით განცდილი მარცხის შემდეგ, დღეს ისევ თელავის სპორტის სასახლეში ტიტე კალანდაძის მომზადებულმა მოთამაშეებმა 30:28 გაიმარჯვეს, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
უნდა აღინიშნოს, რომ წინა შეხვედრის მსგავსად, დაცვაში თამაში ბოლომდე დალაგებული არ იყო, რის გამოც შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა და ყველაზე დიდი სხვაობით საქართველოს ნაკრები ოთხი ბურთით იყო დაწინაურებული, რისი შენარჩუნებაც ვერ მოხერხდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ყველაზე შედეგიანი ამჯერადაც გიორგი ცხოვრებაძე გახლდათ, რომელმაც 8 ბურთი მიითვალა, ნიკოლოზ კალანდაძის ანგარიშზე კი 7 გოლი გახლდათ.
ცნობისათვის, ისრაელთან მატჩები საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სამი წამყვანი ტრავმირებული მოთამაშის, კაპიტნის თეიმურაზ ორჯონიკიძის, ზურაბ გოგავას და ერეკლე არსენაშვილის გარეშე ჩაატარა.