ცხოვრებაძის 11 გოლი და არსენაშვილის ტრავმა - საქართველო შვედეთთან დამარცხდა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მასპინძელ შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დაძაბულ ბრძოლაში 29:38 დამარცხდა.
ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიოს 4-გზისა და ევროპის 5-გზის ჩემპიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, საბოლოოდ, შვედებმა მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
პირვლეი ტაიმის მიმდინარეობისას ჩვენი გუნდი მეტოქეს 2 ქულის სხვაობითაც ამარცხებდა 7-5, თუმცა ეს იყო ამ შეხვედრაში ბოლო შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრები ლიდერის სტატუსით იყო, ამის შემდეგ უპირატესობა შვედებმა მოიპოვეს, რომელიც ფაქტობრივად, ხელიდან აღარ გაუშვიათ. პირველი ნახევარი მასპინძლებმა 5 ქულის სხვაობით, 20:15 მოიგეს, მეორე ნახევარი კი - 18:14, საბოლოო ანგარიში - 38:29.
სამწუხაროდ, დღევანდელი მატჩი განსაკუთრებულად უიღბლო იყო ერეკლა არსენაშვილისთვის, რომელმაც მეორე ტაიმის მიმდინარეობისას მეტოქის უხეშობის გამო მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც მეტოქეს 11 გოლი გაუტანა და შეხვედრის ბოლოს, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს E ჯგუფში 2 მარცხი და შესაბამისად, 0 ქულა აქვს. 0 ქულა აქვს ასევე ნიდერლანდების ნაკრებსაც, რომელსაც ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში დავუპირისპირდებით და გამარჯვების შემთხვევაში, E ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას დაასრულებს. საქართველოსა და ნიდერლანდების დაპირისპირება 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.