ტიტე კალანდაძე
Aa
Aa

ეს სიურპრიზი იყო | კალანდაძე 6-ბურთიანი უპირატესობის დაკარგვაზე

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ხორვატიასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 32:29.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ტიტე კალანდაძის კომენტარი გამოაქვეყნა: „რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, რადგან დასაწყისი ძალიან კარგი გვქონდა. აშკარა იყო, რომ ბურთი რამდენჯერმე დავკარგეთ და შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. ოთხ-ხუთ მოთამაშეს მცირე ტრავმა ჰქონდა, თუმცა სირთულეების მიუხედავად, ყველაფერი გავიღეთ, რაც შეგვეძლო. ბოლომდე დავიხარჯეთ. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში. ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით“.

ექვსბურთიან უპირატესობაზე: „რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი იყო, თუმცა ჩვენ აქ ყველა შეხვედრის მოსაგებად ვართ. მოვედით, რათა დავამარცხოთ ხორვატია და ყველა სხვა მეტოქე. დიახ, ეს სიურპრიზი იყო, მაგრამ არა სრულიად მოულოდნელი“.

რატომ მოიგო ხორვატიამ: „მათ მეტი გამოცდილება აქვთ. ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდი ვართ, ყველაზე ახალგაზრდა ამ ევროპის ჩემპიონატზე. ასე რომ, თამაშიდან თამაშამდე გამოცდილებას ვიძენთ და თითოეულ შეხვედრაში ვხდებით უკეთესები. უნდა ვისწავლოთ, ყოველი მატჩიდან ახალი გამოცდილება შევიძინოთ“.

შეგახსენებთ, მატჩის დასაწყისში საქართველოს ნაკრები დომინირებდა და მეტოქეს 6 ბურთითაც კი ამარცხებდა, თუმცა პირველი ტაიმი საბოლოოდ ხორვატიის სასარგებლოდ, 15:14 დასრულდა. მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა კვლავ მოახერხა წინ გასვლა, მაგრამ მოგვიანებით უპირატესობა დათმო. შეხვედრის 55-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მეკარემ პენალტი მოიგერია, რითაც ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი გაჩნდა, თუმცა მომენტის რეალიზება ვერ მოხერხდა. მატჩის დასკვნით წუთებში ხორვატებმა გამოცდილების ხარჯზე გვაჯობეს და რთულ ბრძოლაში გაიმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები