წიტაიშვილის ეფექტური გოლი - კვარა საგოლე პასთან ახლოს იყო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ქართველების დაპირისპირება გაიმართა. მეცმა პარი სენ ჟერმენს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
3 ქართველიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი მოგვევლინა, რომელსაც დიდებული მატჩი ჰქონდა.
წიტაიშვილმა პირველ გოლშიც მიიღო მონაწილეობა და მეორე გოლი თავად გაიტანა. მან მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში საფონოვის კარი აიღო. ამ მომენტების გარდა, გიორგი მუდმივად აქტიურობდა და მარცხენა ფლანგიდან შეტევებს ამწვავებდა.
ხვიჩა კვარაცხელია მინდორზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და საკმაოდ აქტიურადაც ჩაერთო. მეტიც, კვარა საგოლე პასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მბაიეს დარტყმა კარის ძელს მოხვდა.
წიტაიშვილი მწვრთნელმა გატანილი გოლის შემდეგ უმალ შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი ვიხილეთ. აბუაშვილიც საკმაოდ აქტიურად ჩაერთო და ბევრს ცდილობდა, თუმცა მისმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა.
ცნობისთვის, წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. რაც შეეხება კვარას, მას ლიგა 1-ში სამი გოლი აქვს გატანილი.