მილტონ ჰეიგი:
Aa
Aa

მილტონ ჰეიგი: "უნდა ვირწმუნოთ საკუთარი ძალის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

კანადასთან გამარჯვების (54-22) შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენცია გამართა. ზელანდიელმა სპეციალისტმა ჩატარებულ და მოახლოებულ შეხვედრებზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მიუხედავად იმისა, რომ 54 ქულა გავაკეთეთ, თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ახალგაზრდებმა ეს 80 წუთი კარგად ჩაატარეს, რაღაცეები კარგად გამოგვივიდა და თუნდაც ზაფხულთან შედარებით პროგრესიც აშკარაა, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. კანადამ ძალიან ბევრი, 22 ქულის გაკეთება მოახერხა, თუმცა პირველი ლელოს შემთხვევაში გარკვეული კითხვის ნიშნები მაქვს და ამ ეპიზოდს აუცილებლად რამდენჯერმე ვნახავთ. მეტოქე კარგად იყენებდა სისწრაფეებს და როდესაც ტემპს უმატებდა, პრობლემებს გვიქმნიდა, თუმცა საბოლოოდ ჩვენ შევძელით შეკვრა და ინიციატივის დაბრუნება. დაცვაში დაშვებულ შეცდომებს აუცილებლად განვიხილავთ და გავაანალიზებთ.

ეს იყო სერიის პირველი მატჩი, რომლის ჩატარება ყოველთვის რთულია. რაც არ უნდა ვივარჯიშოთ, შეთამაშება ყოველთვის რთულად მისაღწევია. გზაში გავივლით დეტალურ ვიდეო-ანალიზს, თუმცა ამ ეტაპზევე შემიძლია იმის თქმა, რომ დაცვის ხაზი უფრო სწრაფად უნდა დავაყენოთ.

ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი კიდევ მიეცემათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომდევნო შეხვედრებს ისინი აუცილებლად ძირითადში დაიწყებენ. ჩვენ გათვლას არა მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო თასზე ვაკეთებთ, არამედ მომავალშიც ვიყურებით და მათთვის ნებისმიერი საერთაშორისო შეხვედრა ბევრი სიკეთის მომტანი იქნება.

უელსთან მატჩის წინ დიდი მნიშვნელობა ექნება ყოველ დეტალს - როგორ გავივლით აღდგენას, როგორ მოვემზადებით. ბრიტანეთში ამაღამ მივემგზავრებით და ხაზგასასმელია ერთი მომენტი: დავიღალეთ იმის მოსმენით, რომ პირველი დონის გუნდებს მხოლოდ გამოცდილების მისაღებად და სტატისტიკური მონაცემების დასაფიქსირებლად ვეთამაშებით. უნდა ვირწმუნოთ საკუთარი ძალის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

შეგახსენებთ, რომ "ბორჟალოსნები" ნოემბრის ტესტების მომდევნო დაპირიპისრებას 18 ნოემბერს, უელსის უძლიერეს ნაკრებთან გამართავენ.

 

Rugby.ge

ცხელი ამბები