გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

საგანგაშო არაფერია - ჩაკვეტაძის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

CrystalSport-ის ცნობით, „უოტფორდის’’ ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად ვარჯიშს 2-3 დღეში განაახლებს. ტრავმა მსუბუქია, ვარჯიშზე მუხლის არეში მოარტყეს, მწვრთნელმა არ გარისკა, „მილუოლთან’’ მატჩი გამოატოვებინა. 6 მარტს, ჩემპიონშიფის შემდეგ ტურში „უოტფორდი’’ უელსურ „სუონსის’’ მიიღებს, ამ შეხვედრაში გიორგის განაცხადში შეიყვანენ. შესაძლოა, ათამაშონ.

9 მარტს „უოტფორდი’’ „ქოვენთრის’’ მიიღებს, შემდეგ კი 16 მარტს „ბირმინგემს’’ ესტუმრება. „ბირმინგემთან’’ მატჩის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და ლუქსემბურგთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოემზადება.

„მილუოლთან'' მატჩის წინ „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა განაცხადა: „მას მუხლში მოარტყეს, ტკივილი იგრძნო. ამიტომ, დღეს არ ვათამაშებთ, გარისკვა არ გვსურს’’.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ინგლისის ჩემპიონატსა და ასოციაციის თასზე საერთო ჯამში 31 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა.

24-გუნდიან ჩემპიონშიფში „უოტფორდი'' 44 ქულით მე-12 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები