ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პასუხი კრიტიკოსებს! - ნაპოლიმ იუვენტუსთან კვარას და რასპადორის გოლებით მოიგო

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 92 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ხვიჩა ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა შემტევმა 42-ე წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურა და ტაიმი კალცონას გუნდმა 1:0 მოიგო.

მეორე ნახევარში „ნაპოლი“ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა, 81-ე წუთზე გოლი მაინც გაუშვა. ალექს მერეტის კარში გოლი ფედერიკო კიეზამ გაიტანა.

გაშვებული გოლის მიუხედავად, ნეაპოლელებმა ძალების მობილიზება შეძლეს და ტურინელებს აქტიურად შეუტიეს, რითაც 87-ე წუთზე ოსიმენმა პენალტი მოიპოვა. შჩესნის კარში თერთმეტმეტრიანი თავად ნიგერიელმა შეასრულა, თუმცა, პოლონელმა მეკარემ აუღო, დამატებაზე კი ჯაკომო რასპადორიმ იყოჩაღა და „ნაპოლი“ წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა.

დარჩენილ დროში „იუვენტუსს“ რამდენიმეჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა, ალეგრის ფეხბურთელებმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.

მატჩის მიმოხილვა:

რაც შეეხება კვარაცხელიას, ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა Sofascore-მა ქართველ შემტევს 8.0 შეფასება დაუწერა, რითაც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ხვიჩამ მთელი მატჩის განმავლობაში კარის ჩარჩოში ორჯერ დაარტყა, 1 დარტყმა დაუბლოკეს, 4 დრიბლინგის მცდელობიდან 2 წარმატებული ჰქონდა, ბურთს 62-ჯერ შეეხო და 41 პასიდან 28 ზუსტად შეასრულა. ასევე, 11 დუელიდან 7 მოიგო, საჰაერო დუელში კი ერთხელ შევიდა და ამჯერადაც გამარჯვებული გამოვიდა. ამასთან, მეტოქეზე ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ, აქედან 2 შემთხვევაში მთავარმა მსაჯმა მეტოქის ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

ხვიჩას ყველა მომენტი „იუვესთან“:

27 ტურის შემდეგ, „ნაპოლიმ“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულა დააგროვა და მე-7 პოზიციაზე აღზევდა, „იუვენტუსი“ კი 57 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო ტურში 8 მარტს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ დაუპირისპირდება, „იუვენტუსი“ კი 10 მარტს „ატალანტას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები