ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

38 წლის ხდება და სამ დღეში ერთხელ თამაშობს - ვაისმა კანკავა შეაქო

სლოვაკეთის ჩემპიონატის გასულ ტურში „ტრენჩინთან’’ მოგების შემდეგ „სლოვანის'' მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა TV Markíza-სთან საუბარში ჯაბა კანკავა გამოარჩია და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი „სლოვანში’’ რჩება.

„თქვენ ხედავთ კანკავას, რომელიც ერთ თვეში 38 წლის ხდება, ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშობს. გუნდში სხვა შედარებით ასაკოვანი ფეხბურთელებიც რჩებიან. გუნდის ძირითადი ბირთვი კარგია, მაგრამ ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალი მოთამაშეების დამატება გვჭირდება’’.

ამ სეზონში ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ვაისმა კანკავას ხასიათსა და ფიზიკურ მომზადებაზე გაამახვილა ყურადღება, გასული წლის სექტემბერში ვაისმა შემდეგი რამ თქვა: „კუცკა და კანკავა ფანტასტიკური მოთამაშეები არიან, მაგრამ ზოგჯერ ემოციებით უნდა ითამაშო ბრძოლაშიც კი, მცირედით არბიტრს ეკამათო. აჩვენო, რომ დღეს აქ ხარ და მარცხს არ ეგუები. საკვანძო მოთამაშეები, როგორებიც ვლადო ან ჩავრიჩი არიან, რთულ მატჩებში ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ, შეცვლაზე უარს ამბობენ. ანალოგიურად ვფიქრობ კანკავაზე, რომელიც რობოტია’’.

სლოვაკური მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით კანკავას მსგავსად კაშიაც დარჩება „სლოვანში''. მათ კლუბთან კონტრაქტი ივნისში ეწურებათ, თუმცა ალბათ გაახანგრძლივებენ.

ზამთრის პაუზის შემდეგ ბრატისლავა „სლოვანმა’’ 16-დღიან მონაკვეთში 5 ოფიციალური მატჩი ჩაატარა (3 - სლოვაკეთის ჩემპიონატი, 2 - კონფერენს ლიგა). 37 წლის ჯაბა კანკავამ ხუთივე შეხვედრა სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა. რაც შეეხება გურამ კაშიას, მან კონფერენს ლიგაზე „შტურმთან’’ ორივე მატჩი სასტარტოში დაიწყო, თუმცა სლოვაკეთის ჩემპიონატში, კანკავასგან განსხვავებით, ვაისმა 3-დან ორ შეხვედრაში დაასვენა.

კანკავამ ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 35 მატჩში 2 გოლი შეაგდო,  35-დან 29 შეხვედრა სასტარტოში დაიწყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი 18 მარტს 38 წლის გახდება.

რაც შეეხება გურამ კაშიას, 36 წლის ცენტრალურმა მცველმა ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 28 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 28-დან 26 შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა. კაშია 4 ივლისს 37 წლის გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები