ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჟოაუ ფელიქსი, ფერან ტორესი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

ნაპოლი VS ბარსელონა - მატჩის წინ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლი’’ „დიეგო მარადონაზე’’ „ბარსელონას’’ უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორიდან გამომდინარე ამ მატჩის მიმართ საქართველოში დიდი ინტერესია, თუმცა მოლოდინი „ნაპოლის’’ შესაძლო წარმატებაზე პესიმისტურია, რადგან გასული სეზონის დასრულებიდან მოყოლებული „პარტენოპეის’’ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უამრავი შეცდომა დაუშვა, რაც ახლახან მორიგი სამწვრთნელო ცვლილებით გაგრძელდა, „ბარსელონასთან’’ მატჩამდე დაახლოებით 2 დღით ადრე ვალტერ მაცარი მოხსნა და ფრანჩესკო კალცონა დანიშნა, რომელსაც „ნაპოლიში’’ წარსულში უმუშავია, თუმცა მხოლოდ ასისტენტად (2015-18, 2021-22).

ნაპოლი - ჯგუფური ეტაპი

C ჯგუფში „ნაპოლიმ’’ 10 ქულა დააგროვა, ლიდერ „რეალს’’ 8 ქულით ჩამორჩა, მესამეადგილოსან „ბრაგას’’ 6 ქულით გაასწრო. „აძურიმ’’ 6-დან 3 მატჩი მოიგო (ნაპოლი-ბრაგა 2:0, უნიონი-ნაპოლი 0:1, ბრაგა-ნაპოლი 1:2), ერთი მატჩი ფრედ დასრულდა (ნაპოლი-უნიონი 1:1), მადრიდის „რეალთან’’ ორივე მატჩი დათმო (რეალი-ნაპოლი 4:2, ნაპოლი-რეალი 2:3).

ხვიჩა კვარაცხელიას ჯგუფურ ეტაპზე გოლი არ გაუტანია, ექვს მატჩში 1 საგოლე პასი შეასრულა, ქართველმა ფეხბურთელმა „უნიონთან’’ გასვლით შეხვედრაში ბრწყინვალედ ითამაშა და მისი საგოლე პასით რასპადორიმ გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, მან ჯგუფურ ეტაპზე ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (3 სასტარტოში) და 1 გოლი გაიტანა „ბრაგასთან’’ საშინაო შეხვედრაში.

შიდა ჩემპიონატი

სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი’’ არასტაბილურია, ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო (ნაპოლი-სალერნიტანა 2:1, ნაპოლი-ვერონა 2:1), 2 ფრედ დაასრულა (ლაციო-ნაპოლი 0:0, ნაპოლი-ჯენოა 1:1) და ერთ შეხვედრაში „მილანთან’’ „სან სიროზე’’ დამარცხდა - 1:0.

სერია A-ს გასულ ტურში „ჯენოასთან’’ ფრედ დასრულებულ მატჩს ვალტერ მაცარის მოხსნა მოჰყვა, თუმცა არასტაბილურობის მხოლოდ მწვრთნელზე დაბრალება არასწორია, რადგან გუნდს ბოლო მატჩებში ვიქტორ ოსიმენი ვერ ეხმარებოდა. სხვადასხვა მიზეზების გამო (დისკვალიფიკაცია, აფრიკის ეროვნებათა თასზე თამაში, ტრავმა) ნიგერიელმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო 7 შეხვედრა გამოტოვა და ამ 7 მატჩიდან „ნაპოლიმ’’ მხოლოდ 2 მოიგო. ხვიჩა კვარაცხელია გუნდის ლიდერია, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში უჭირს და ამ ფუნქციას მაღალ დონეზე „ნაპოლიში’’ მხოლოდ ოსიმენი ასრულებს. გამარჯვების გოლი „სალერნიტანასთან’’ ამპლუით მცველმა ამირ რაჰმანიმ გაიტანა, „ვერონასთან’’ - ხვიჩა კვარაცხელიამ.

სერია A-ს ამ სეზონში „ნაპოლისთვის'' ყველაზე მეტი გოლი ოსიმენმა გაიტანა, 13 მატჩში 7 გოლი შეაგდო, კვარაცხელიას აქტივში 6 გოლია. რაც შეეხება საგოლე პასებს, ამ მხრივ ნეაპოლურ კლუბში ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო 3-3 საგოლე გადაცემით საუკეთესოა.

ბარსელონა - ჯგუფური ეტაპი

H ჯგუფში „ბარსელონა’’ 12 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, „პორტუმაც’’ 12 ქულა დააგროვა, თუმცა ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე პირველზე კატალონიური კლუბი გავიდა. ჩავის გუნდმა 6-დან 4 მატჩი მოიგო (ბარსელონა-პორტუ 2:1, ბარსელონა-შახტარი 2:1, პორტუ-ბარსელონა 0:1, ბარსელონა-ანტვერპენი 5:0) და 2 დათმო (ანტვერპენი-ბარსელონა 3:2, შახტარი-ბარსელონა 1:0). ჯგუფურ ეტაპზე ჩავის გუნდში ყველაზე შედეგიანები ჟოაუ ფელიქსი და ფერან ტორესი იყვნენ, მათ 3-3 გოლი გაიტანეს.

შიდა ჩემპიონატი

ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონი 25 ტურის შემდეგ 54 ქულით მე-3 ადგილზეა, „რეალსა’’ (62 ქულა) და „ჟირონას’’ (56 ქულა) ჩამორჩება, მეოთხეადგილოსან „ატლეტიკოს’’ 3 ქულით უსწრებს.

ბოლო 5 მატჩიდან „ბარსამ’’ 3 მოიგო (ბარსელონა-ოსასუნა 1:0, ალავესი-ბარსელონა 1:3, სელტა-ბარსელონა 1:2), ერთი ფრედ ითამაშა (ბარსელონა-გრანადა 3:3) და ერთი დათმო (ბარსელონა-ვილიარეალი 3:5). რთულად წარმოსადგენია დარჩენილ 13 შეხვედრაში „სამეფო კლუბთან’’ 8-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრას, ჩავის გუნდის ჩემპიონობის შანსი მცირეა.

ლა ლიგაში „ბარსას’’ საუკეთესო ბომბარდირები რობერტ ლევანდოვსკია 12 გოლით, მას ფერან ტორესი მოჰყვება 7 გოლით, ილქაი გიუნდოგანმა 5 გოლი გაიტანა. საგოლე პასების მიხედვით „ბარსაში’’ საუკეთესო გიუნდოგანია, მის აქტივში 6 საგოლე გადაცემაა.

რა თქვა ჩავიმ მატჩის წინ

ჩავი: „ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაბრუნება დიდ აღფრთოვანებასთან ასოცირდება. დიდი იმედი და მოტივაცია გვაქვს, რომ მეოთხედფინალში გავალთ.  უცნაური სცენარია იმ გუნდთან თამაში, რომელმაც მწვრთნელი 48 საათით ადრე შეცვალა.

„ბარსას'' ფავორიტად არ ვთვლით, შანსები თანაბარია. მოედანზე უნდა ვაჩვენოთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ.

„ნაპოლი“ ძლიერი მეტოქეა. მათ სამ ფეხბურთელს გამოვყოფ. ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, კვარაცხელიაა. არ ვიცი სწორად წარმოვთქვამ, თუ არა, მაგრამ ის ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა. ხვიჩა ერთი-ერთზე ძალიან სახიფათოა, აკეთებს მწვავე საგოლე გადაცემებს და ის ნამდვილ განსხვავებას ქმნის. ამ ყველაფერს ხვალინდელი დღისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ. ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით.“

რა თქვა კალცონამ მატჩის წინ

ფრანჩესკო კალცონა: „მადლობა სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციას, რომ პარალელურად „ნაპოლიში’’ მუშაობის შესაძლებლობა მომცა. ასევე, მადლობა სლოვაკ ხალხს, მათ ჩემს მიმართ პატივისცემა გამოიჩინეს.

„ნაპოლიში’’ ახალ გზას ვიწყებთ, გუნდი კარგად შემხვდა, ვისაუბრეთ, ახლა კი საქმის დროა. „ნაპოლის’’ ქომაგები განსაკუთრებულნი არიან, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ „ნაპოლის'' თამაშის ხარისხითა და შედეგით იამაყონ.

ვიქტორ ოსიმენმა გუნდთან ერთად ივარჯიშა. მისი მდგომარეობა ხვალ შეფასდება.

„ბარსელონა’’ ძლიერი გუნდია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. მეტოქის სიძლიერეს ვაღიარებთ, მაგრამ არ გვეშინია, რადგან ჩვენ „ნაპოლი’’ ვართ.

აურელიო დე ლაურენტისი ამჟამინდელი ვითარებით უკმაყოფილოა.  მთხოვა რწმენა შევძინო ჩვენს იმ მიზნებს, რაც „ბარსელონას’’ ბარიერის დაძლევასა და სერია A-ში მეოთხე ადგილზე გასვლას გულისხმობს''.

ურთიერთშეხვედრები

ევროთასებზე „ნაპოლის'' „ბარსასთან'' არასდროს მოუგია: 2 ფრე, 2 მარცხი.  ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთის წინააღმდეგ 2019-20 წლების სეზონში ითამაშეს, კატალონიურმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში 4:2 მოიგო. 2021-22 წლების ევროპა ლიგის სეზონის ფლეი-ოფში ესპანურმა კლუბმა „ნაპოლი'' ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხა.

UEFA-ს ვებგვერდის მიხედვით გუნდების სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგორი, რაჰმანი, მაცოკი, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია

ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში შემდეგ მატჩს „ნაპოლის'' არც ერთი ფეხბურთელი გამოტოვებს.

ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, ინიგო მარტინესი, კანსელუ, დე იონგი, კრისტენსენი, გიუნდოგანი, იამალი

ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში შემდეგ მატჩს არაუხო, სერხი რობერტო, ფერნა ტორესი და ჟოაუ ფელიქსი გამოტოვებენ.

„ნაპოლი'' - „ბარსელონას'' მატჩი ოთხშაბათს ღამით, 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები