ანდრეას ბრემე
Aa
Aa

ლეგენდარული ანდრეას ბრემე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეას ბრემე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ვეტერანი ფეხბურთელის ოჯახმა დაადასტურა.

გერმანული მედიის ცნობით, ბრემეს გვიან ღამით გულის შეტევა დაემართა. სასწრაფო დახმარებამ ფეხბურთელი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

პროფესიონალური კარიერის დროს, ანდრეას ბრემე „კაიზერსლაუტერნში“, „ინტერში“, მიუნხენის „ბაიერნში“, „ზაარბიუკენსა“ და „სარაგოსაში“ თამაშობდა.

ლეგენდარულ ფეხბურთელს გერმანიის ნაკრებთან ერთად 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული. საგულისხმოა, რომ მუნდიალის ფინალში ბრემემ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ბრემე ცაცია იყო, თუმცა, არგენტინელთა კარში დანიშნული პენალტი მარჯვენა ფეხით შეასრულა.

საერთო ჯამში, ანდრეას ბრემემ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 86 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში გერმანელი ლეგენდა ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ასევე ორჯერ მოიგო გერმანიის სუპერ თასი, თითო-თითოჯერ კი გერმანიის თასი, იტალიის ჩემპიონატი, იტალიის სუპერთასი, გერმანიის მეორე ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები