თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

ხასიათი ვაჩვენეთ, მომატება კიდევ შეგვიძლია - შენგელია პარტიზანთან გამარჯვების შემდეგ

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-12 შეხვედრა მოიგო, სტუმრად „პარტიზანი“ დაამარცხა და სასურველი შედეგი უმძიმეს ბრძოლაში დააფიქსირა.

შენგელიამ პარკეტზე 31 წუთი და 40 წამი გაატარა, მის აქტივში 10 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაა. თორნიკემ 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი გააფუჭა და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. „ვირტუს ბოლონიას“ მაისურით მასზე მეტი ქულა მხოლოდ მარკო ბელინელისა (14) და გაბრიელ ლუნდბერგს ჰქონდათ (16).

მატჩის შემდეგ შენგელიამ მედიასთან ისაუბრა: „ბედნიერი ვარ, ჩემი გუნდით ვამაყობ. ვიცი რომ ასეთ ბრწყინვალე გუნდთან გამარჯვება რთულია. „პარტიზანთან’’ ბევრი გუნდი დამარცხდა. ხასიათი გამოვავლინეთ, ამბიციური გუნდი ვართ და ეს დასაფასებელია.

„პარტიზანის’’ ძლიერ ცენტრალურ ხაზთან თამაში პრობლემა არ ყოფილა.  ორმაგი მეურვეობის ქვეშ ვთამაშობდი და ჩემი ამოცანა თავისუფალ სივრცეში მყოფ თანაგუნდელებზე თამაში იყო.

ჯერ მხოლოდ სეზონის ნახევარი გავიდა, რთულია თქმა რა არის ჩვენი წარმატების მაქსიმუმი. ვფიქრობ, მომატება კიდევ შეგვიძლია, ამაზე ვართ კონცენტრირებულნი''.

„ვირტუს ბოლონიას“ 12 მოგება და 5 წაგება აქვს, ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში გამართავს, 30 დეკემბერს „პეზაროს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები