ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

სრული კოლაფსი | სად იყო ნაპოლი გასულ სეზონში და სადაა ახლა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შემდეგ, ცნობილმა გამოცემამ, Goal-მა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ სტატია მიუძღვნა. Goal-მა შედეგი, რომელიც გასულ სეზონში, 17 ტურის შემდეგ „პარტენოპეის“ ჰქონდა, მიმდინარე სეზონის „ნაპოლის“ მიერ დაფიქსირებულ სტატისტიკას შეადარა.

სტატისტიკა არ იტყუება

„მოქმედ ჩემპიონს სრული კოლაფსი აქვს და მთავარი მწვრთნელის შეცვლამაც ვერ უშველა. პარტენოპეი მე-7 ადგილს იკავებს და სატურნირო ცხრილის ლიდერს, ინტერს 17 ქულით ჩამორჩება. გასულ სეზონში, 17 ტურის შემდეგ, ნაპოლის ანგარიშზე  44 ქულა იყო, მილანს 7 ქულით უსწრებდა და ჩემპიონობაზე სერიოზული განაცხადი ჰქონდა გაკეთებული“.

გაშვებული და გატანილი გოლები

„რა თქმა უნდა, სატურნირო ცხრილის ლიდერთან არსებული კატასტროფული სხვაობა პარტენოპეის მიერ ნაჩვენები თამაშითაა განპირობებული. გასულ სეზონში, 17 ტურის შემდეგ, ლუჩანო სპალეტის გუნდს 39 გოლი ჰქონდა გატანილი, 13 კი გაშვებული. გარსია-მაცარის გაწვრთნილმა ბიჭებმა მეტოქეთა კარი 28-ჯერ აიღეს, თავად კი 21 ბურთი მიიღეს.

გმირები აღარ ჩანან

„ნაპოლის აკლია სტრუქტურა, რომელიც სპალეტის სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. ვიქტორ ოსიმენს ფიზიკური კონდიციების მხრივ, პრობლემები ჰქონდა და როცა მოედანზე იმყოფება, თავის გამოჩენის ცოტა შანსი ეძლევა. ხვიჩა კვარაცხელია ვერ იმეორებს იმას, რაც სადებიუტო სეზონში გააკეთა. საქმე კარგად ნახევარდაცვაშიც არ მიდის. სტანისლავ ლობოტკა შორეული ნათესავია ფეხბურთელისა, რომელიც სპალეტის გუნდში ასპარეზობდა. ზამბო ანგისას თამაშზე გავლენა არ აქვს, კიმ მინ-ჯეს შემცვლელად ნაყიდი ნათანი კი დაცვაში დაკისრებულ მოვალეობებს თავს უმაღლეს დონეზე ვერ ართმევს“.

არასწორი გადაწყვეტილებები

„აურელიო დე ლაურენტისმა ზაფხულში სერიოზული შეცდომა დაუშვა. კრისტიანო ჯუნტოლისა და ლუჩანო სპალეტისთან დამშვიდობების შემდეგ, ნაპოლის პრეზიდენტმა მათი სათანადო შემცვლელები ვერ შეარჩია. განსაკუთრებით, მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მან თავადვე აღიარა, რომ რუდი გარსიას დანიშვნა შეცდომა იყო და დასძინა, რომ იგი გუნდიდან ნოემბერშივე უნდა გაეშვა. პარტენოპეიში სიახლე ვერც გარსიას შემცვლელმა დანერგა. ვალტერ მაცარის დაბრუნებას გუნდზე გავლენა არ მოუხდენია და მისი ნაპოლი გარსიაზე ცუდ შედეგებს აფიქსირებს. 5 წაგება 8 მატჩში და სენსაციური ფიასკო იტალიის თასზე, ფროზინონესთან“.

ცნობისთვის, 17 ტურის შემდეგ, კვარაცხელიას გუნდს 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიომ გალია მოუმზადა | რას წერს Il Mattino ხვიჩაზე
მოურინიომ გალია მოუმზადა | რას წერს Il Mattino ხვიჩაზე