ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„როგორც ჩანს გაიღვიძეს“ | Calciomercato კვარა-ოსიმენის დუეტზე

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „კალიარი“ 2:1 დაამარცხა. „პარტენოპეის“ მხრიდან თავი ვიქტორ ოსიმენმა და „კვარამ“ გამოიჩინეს და მათი თამაში ცნობილ იტალიურ გამოცემას, Calciomercato-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

„ამ ორს უფრთხილდით... როგორც ჩანს, ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიღვიძეს. იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის ყველაზე ლამაზი წყვილი დაბრუნდა, რათა განსხვავება მნიშვნელოვან შეხვედრაში შეექმნა. ნაპოლის კალიარისთან მოსაგები ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ უთამაშია, ფუნდამენტური 3 ქულა აიღო და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. გამომდინარე იქიდან, რომ ინტერი გასული სეზონის ნაპოლივით თამაშობს, პარტენოპეის ისღა დარჩენია, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საგზურს დასჯერდეს. ჩემპიონთა ლიგის ფორმატი იცვლება და კლუბები მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ. ასე რომ, ლიგაზე გასვლა აურელიო დე ლაურენტისისთვის გადამწყვეტია.

მაცარის წამალი მოქმედებს, მაგრამ ადამიანი, რომელმაც კალიარისთან გამართული მატჩის ბედი შეცვალა, მარიო რუია. მისმა თამაშმა დაადასტურა, რომ ნაპოლის დაკარგული ჰყავდა მარცხენა ფლანგზე მოასპარეზე ძალა, რომელსაც შეტევების წამოწყებაში ფუნდამენტური როლი უკავია და რაც მთავარია, კვარაცხელიასა და ოსიმენს საშუალებას აძლევს, თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინონ. ჟუან ჟეზუშმა და ნათანმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ პორტუგალიელი ფეხბურთელის მსგავსი უნარები არ აქვთ და მარიო რუის ტრავმა რომ არ მიეღო, შეიძლებოდა, ვალტერ მაცარის გაცილებით მარტივი სტარტი ჰქონოდა.

ახლა წარსული უმნიშვნელოა და მთავარი აწმყოა. ნაპოლი მომდევნო შეხვედრას იტალიის თასზე, ფროზინონეს წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კი რომასთან მატჩი ელის. ჯალოროსისთან ჩანიშნული დაპირისპირება გვაჩვენებს ნაპოლიმ რეაბილიტაცია ნამდვილად გაიარა თუ არა“, - წერს Calciomercato.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ფროზინონეს“ დაპირისპირება 19 დეკემბერს, თბილისის დროით, 23:59-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომდევნო წლებში ევროპის საუკეთესო მეკარეთა შორის იქნება“ | რას წერენ მამარდაზე
„მომდევნო წლებში ევროპის საუკეთესო მეკარეთა შორის იქნება“ | რას წერენ მამარდაზე