გაბრიელ სიგუა, ბაზელი
Aa
Aa

სიგუა ათიანზე გამოცადეს - ბაზელის მორიგი მარცხი და ბოლო ადგილი

შვეიცარიული „ბაზელი’’ კატასტროფულ სეზონს ატარებს, სუპერ ლიგის 10 ტურში მხოლოდ 5 ქულა მოაგროვა და ბოლო ადგილზეა. მე-10 ტურში „ბაზელი’’ შინ „სერვეტთან’’ 0:1 დამარცხდა.

გაბრიელ სიგუამ სასტარტოში ითამაშა (53-ე წუთზე შეცვალეს), ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო - 5,9.  ქართველი ნახევარმცველი ბურთს მხოლოდ 15-ჯერ შეეხო და მხოლოდ 7 პასი შეასრულა (ყველა ზუსტად). მინდორზე 9 ორთაბრძოლიდან ყველა დათმო, ხოლო მეორე სართულზე 1 დუელი ჰქონდა და წააგო. თამაშის წესი 4-ჯერ დაარღვია, მის წინააღმდეგ არ დაჯარიმებულან. დრიბლინგის 1 მცდელობა ჰქონდა (წარუმატებელი).

როგორც Bazonline წერს, სიგუამ მეორე ტაიმში მცირე დროით „ათიანზე’’ ითამაშა:

„პირველი ტაიმის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ჰაიკო ფოგელი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი არ ჩანდა. პირველ ტაიმში „ბაზელი’’ სამი ნახევარმცველით თამაშობდა, შესვენების შემდეგ 4 ნახევარმცველზე გადაეწყო, სადაც გაბრიელ სიგუა „ათიანის’’ როლს ასრულებდა. „ბაზელი’’ 4-4-2-ზე გადავიდა, მაგრამ სიგუას ამ პოზიციაზე დიდი დროით არ უთამაშია, 53-ე წუთზე შეცვალეს’’.

გაბრიელ სიგუა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და ამ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წამყვანი მოთამაშეა, ახალ გარემოსთან შეგუების, სწავლისა და განვითარების პროცესშია, რასაც ჩავარდნები ახლავს და ეს ბუნებრივი მომენტია. ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, რომელიც გარემოს იცვლის და ახალ სიმაღლეზე ადის, მთავარია სუსტად ჩატარებული მატჩებიდან სწორი დასკვნები გამოიტანოს.

გასულ ზაფხულში თბილისის „დინამომ'' 18 წლის გაბრიელ სიგუა „ბაზელში'' გაყიდა. სიგუამ „ბაზელში'' 6 მატჩი ჩაატარა (2 სასტარტოში) და 1 გოლი „ციურიხს'' 90+5 წუთზე გაუტანა, ამ გოლით „ბაზელი'' მარცხისგან იხსნა. შვეიცარიის ჩემპიონატის შემდეგ ტურში „ბაზელი'' „ლოზანას'' ესტუმრება (29 ოქტომბერი, 17:15).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები