ვილი სანიოლი, ბუდუ ზივზივაძე, ივა გელაშვილი
Aa
Aa

სანიოლი: ბუდუ კლუბში ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ნაკრებში ყოფნას იმსახურებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ სასტუმრო „პულმანში'' პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის იყო ფეხბურთელთა შერჩევის კრიტერიუმები.

„შემადგენლობას ყოველთვის ერთნაირი პრინციპით არ ირჩევ, ძალიან ბევრ რამეს ითვალისწინებ, ყველაზე მნიშვნელოვანი კარგად თამაშია.

მაგალითად ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში'' ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ნაკრებში ყოველთვის კარგად გამოდის, ნაკრებში ყოფნას ყოველთვის იმსახურებს. ბოლო ორ წელში ნაკრებში კარგად თამაშობს, სწორი მენტალიტეტის ფეხბურთელია.

შემადგენლობის შერჩევისას სათამაშო ფორმა, ფიზიკური მომზადება და მენტალური მზაობა უნდა გაითვალისწინო, მხოლოდ ერთი ნიშნით ვერ მიუდგები.

აბურჯანია და გოჩოლეიშვილი ბოლო 5 მატჩში ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ, ამიტომ სიაში ვერ მოხვდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ მომავალში არ გამოვიძახებთ. ეროვნულ ნაკრებში მოხვედრისთვის მეტის გაკეთებაა საჭირო. კვეკვესკირისა და შენგელიას მაგალითები ავიღოთ, ისინი დავაბრუნეთ გუნდში, კარი არავისთვის დაგვიხურავს''.

ერთ-ერთი კითხვა ივა გელაშვილს ეხებოდა, რომელსაც „სპეციაში'' არ ათამაშებენ. მიუხედავად ამისა, ვილი სანიოლმა გელაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. ეს ცენტრალური მცველისთვის სადებიუტო გამოძახებაა. ცხადია, ფეხბურთელის უთამაშებლობიდან გამომდინარე გაჩნდა კითხვა, თუ რა იყო ფეხბურთელის გამოძახების კრიტერიუმი.

"საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ძალიან კარგად ითამაშა, დაცვის ცენტრში დამაჯერებელი იყო. ახლა იტალიაში, სერია B-ს „სპეციაში'' თამაშობს. მართალია სერია ა არ არის, მაგრამ მაინც მაღალი დონეა. მჯერა, იქ ბევრს ისწავლის.

ვეცდებით ვნახოთ ცენტრალური მცველის პოზიციაზე როგორ გამოადგება ნაკრებს. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ინტეგრაცია ნაკრებში ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახდინოთ''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები