ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კასანო: ლაურენტისი ცბიერია და ჩივის, რომ ხვიჩა ცუდად თამაშობს

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში „ნაპოლიში'' არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან აურელიო დე ლაურენტისი მწვავედ გააკრიტიკა რამდენიმე მიზეზის გამო: სპალეტისა და ჯუნტოლის გაშვება, ხვიჩა კვარაცხელიას დაბალი ხელფასი და რუდი გარსიას დანიშვნა.

„კვარა ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია „ნაპოლიში’’ და ეს პრობლემაა. დე ლაურენტისი ცბიერია, მას ის საბაბი აქვს, რომ ხვიჩას კიდევ ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას აჭიანურებს. ასევე, ლაურენტისი ჩივის, რომ ხვიჩა კვარაცხელია ცუდად თამაშობს. მას ხელფასის გაზრდა არც ოსიმენისთვის სურს, რომელსაც 15 თვეში სხვა კლუბთან კონტრაქტის გაფორმება შეუძლია. ლაურენტისთან დიდი კატასტროფა იწყება’’.

კასანომ ლაურენტისი სპალეტისა და ჯუნტოლის გაშვების გამოც გააკრიტიკა: „ყველაფერი ლაურენტისის ხელში იყო, სპალეტის სახით სერია ა-ს საუკეთესო მწვრთნელი, კრისტიანო ჯუნტოლის სახით კი საუკეთესო მენეჯერი ჰყავდა. ჩემპიონობის ზეიმიდან სამ დღეში ლაურენტისმა ისეთი ვითარება შექმნა, რომელიც ჩემთვის გაუგებარია, არ მესმის. მან მოიყვანა რუდი გარსია, რომელიც კარგი პიროვნებაა, მაგრამ „ნაპოლისთვის’’ შესაფერისი მწვრთნელი არაა. საუდის არაბეთიდან რუდი გარსია მოიყვანა, გარსია იმ ქვეყანაში მოხსნეს, სადაც ფეხბურთზე საუბარი არ შეგიძლია’’.

„ნაპოლიმ'' სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოიგო, „ბოლონიასთან'' გასვლით შეხვედრაში 0:0 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იყო. მიუხედავად იმისა რომ ქართველი გარემარბი საუკეთესო ფორმაში არაა, თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რუდი გარსიამ ქართველი შემტევი კვლავ შეცვალა (76-ე წუთზე), თუმცა ამჯერად ქართველ გარემარბს უკმაყოფილება ღიად არ გამოუხატვს.

ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია 26-მატჩიანია, მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია. იგულისხმება საკლუბო და სანაკრებო ოფიციალური შეხვედრები.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 5 მატჩი ჩაატარა, ხვიჩას აქტივში 1 საგოლე პასია „სასუოლოსთან''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები