ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

ხვიჩას 26-მატჩიანი უგოლო სერია - ოსიმენმა პენალტი ვერ გაიტანა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ'' სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოიგო, „ბოლონიასთან'' გასვლით შეხვედრაში 0:0 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, მიუხედავად იმისა რომ ქართველი გარემარბი საუკეთესო ფორმაში არაა, თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რუდი გარსიამ ქართველი შემტევი კვლავ შეცვალა (76-ე წუთზე), თუმცა ამჯერად ქართველ გარემარბს უკმაყოფილება ღიად არ გამოუხატვს. 

Sofascore-მა კვარაცხელიას 7,1 დაუწერა. „ნაპოლიში'' მასზე მაღალი შეფასება ჯაკომო რასპადორიმ (7,6), ლეო ოსტიგორმა (7,3), ნათანმა (7,2) და მერეტმა (7,3) მიიღეს. კვარაცხელიას 26 პასიდან 13 ზუსტი იყო (73 პროცენტი). დრიბლინგის 8 მცდელობიდან 3 წარმატებით შეასრულა. ასევე, 18 ორთაბრძოლიდან 11 მოიგო.

ხვიჩას ყველა მომენტი ბოლონიასთან

ამ შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია 26-მატჩიანია, მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია. იგულისხმება საკლუბო და სანაკრებო ოფიციალური შეხვედრები.

29-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო მიშელ ებიშერმა ყვითელი ბარათი მიიღო. 52-ე წუთზე კვარაცხელიამ დაარღვია თამაშის წესი და არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

72-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა პენალტი ვერ გაიტანა. თერთმეტმეტრიანი ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურ თამაშს მოჰყვა, თუმცა ნიგერიელმა რეალური შანსი ვერ გამოიყენა, ბურთი კარს ააცილა.

ვიქტორ ოსიმენს ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდა, Sofascore-მა 5,6 დაუწერა, რაც ძალიან დაბალი შეფასბაა. როცა გარსიამ ოსიმენი შეცვალა, ნიგერიელმა უკმაყოფილება გამოხატა. მოგეხსენებათ, შეცვლის გამო გარსიას მიმართ უარყოფითი რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიასაც ჰქონდა („ჯენოასთან'' და „ბრაგასთან''), თუმცა დღევანდელ შეხვედრაში კვარაცხელია მწვრთნელის გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა.

ხუთ ტურში „ნაპოლის'' აქტივში მხოლოდ 8 ქულაა, ამ მომენტისთვის მე-7 ადგილზეა. მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი'' ლიდერ „ინტერს'' 7 ქულით ჩამორჩება, მილანურმა კლუბმა საწყის ხუთ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა.

მე-6 ტურში „ნაპოლი'' „უდინეზეს'' მიიღებს (27 სექტემბერი, 22:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები