ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

წასვლის შანსი კვლავ არსებობს - შესაძლოა, ლოჩოშვილმა კრემონეზე დატოვოს

CrystalSport-ის ცნობით, ლუკა ლოჩოშვილმა შესაძლოა მიმდინარე ზაფხულში „კრემონეზე“ დატოვოს, მისი კრემონულ კლუბში დარჩენა გადაწყვეტილი არაა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის წარმომადგენლები ცდილობენ 25 წლის ცენტრალური მცველი უკეთეს გუნდსა და ჩემპიონატში გადაიყვანონ.

ლუკას „კრემონეზედან“ წასვლის და უფრო მაღალი დონის კლუბსა და ჩემპიონატში გადასვლის დიდი სურვილი აქვს. ეს სურვილი მას კლუბის სერია B-ში გავარდნის შემდეგ ჰქონდა, რასაც ის ფაქტი დაემატა, რომ სერია B-ს პირველ ტურში მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ არ ათამაშა, ქართველი ცენტრალური მცველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. პირველ ტურში „კრემონეზემ“ შინ „კატანძაროსთან“ 0:0 ითამაშა. სერია B-ს მეორე ტურში „კრემონეზე“ „ბარის“ უმასპინძლებს (26 აგვისტო).

შეგახსენებთ, გასულ თვეში ესპანურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ „კრემონეზეს“ ქართველი ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის საკუთარ რიგებში ხილვით „რაიო ვალეკანო“ ინტერესდებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი შეთანხმებული იყო და ლოჩოშვილი ლა ლიგის კლუბში გადადიოდა, მაგრამ რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.

Crystalsport-ის ინფორმაციით, „რაიო ვალეკანო“ ლოჩოშვილზე ფიქრობდა, მაგრამ მას მესამე-მეოთხე ვარიანტად განიხილავდა და კლუბის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. „რაიო ვალეკანოს“ „კრემონეზესთვის“ წინადადებით არ მიუმართავს და მისი ლა ლიგის წარმომადგენელ გუნდში გადასვლის შანსი არ არსებობს.

ლუკა ლოჩოშვილს „კრემონეზესთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ცნობისთვის, 25 წლის ცენტრალური მცველი 2022 წლის ზაფხულში, ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ 1.6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სერია A-ს გასულ სეზონში, ლოჩოშვილმა 25 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები