გორის დილა, გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

უხეში შეცდომები | გორის დილა აპოელთან 0:2 დამარცხდა

უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილას“ მეტოქე „აპოელი“ გახლავთ. ამ გუნდების პირველი შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა და კვიპროსული კლუბის გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

მატჩის პირველი მომენტი სტუმართა ქართველ თავდამსხმელს, გიორგი ქვილითაიას შეექმნა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. გორელებს რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში სიზუსტე აკლდებოდათ. 33-ე წუთზე, „დილა“ ანგარიშის გახსნასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ არ გაუმართლა. რევაზ ჩიტეიშვილის ჯარიმის შემდეგ, ბურთი ხარიხას მოხვდა და „აპოელი“ გოლს გადაურჩა.

სტუმრები პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ. გორელთა მცველების უხეში შეცდომის შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ მაკრატელა დაარტყა, რომელიც ევგენი კუჩერენკომ მოიგერია, თუმცა ბურთთან პირველი ხოსე კრესპო გაჩნდა და „აპოელი“ წინ გაიყვანა.

მეორე ნახევრის სტარტზე „დილა“ აქტიურობდა და პირველი ზუსტი დარტყმაც განახორციელა, მაგრამ კვიპროსელთა მეკარე, ვიდ ბელეცი მოწოდების სიმაღლეზე იყო. 64-ე წუთზე, „აპოელმა“ უპირატესობა გაზარდა. გეორგიოს ეფრემის ჯარიმის შემდეგ, კუჩერენკომ უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მეორე გოლი მიიღო.

დარჩენილ დროში, „დილა“ ჩამორჩენის შემცირებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 87-ე წუთზე, ალეფ სანტოსმა წითელი ბარათი მიიღო და გორელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რამაც მატჩის საბოლოო წერტილი დასვა და „აპოელმა“ 2:0 იმარჯვა. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში, კვიპროსში გაიმართება და თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები