შტეფან ლაინერი
Aa
Aa

15 ივლისს ითამაშა | გლადბახის ფეხბურთელს ლიმფომა დაუდგინდა

„გლადბახის“ 30 წლის ფეხბურთელს, შტეფან ლაინერს სიმსივნე დაუდგინდა. რამდენიმე წუთის წინ, გერმანულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საფეხბურთო სამყაროს აუწყა, რომ წინასასეზონო სამედიცინო შემოწმებებისას, ლაინერს ლიმფომა დაუდგინდა.

30 წლის ავსტრიელი მარჯვენა მცველი, რომელმაც 15 ივლისს გამართულ ამხანაგურ მატჩში ითამაშა, გუნდს რამდენიმე თვით გამოაკლდება და მკურნალობას გაივლის. „გლადბახის“ ექიმების განცხადებით, ლიმფომის აღმოჩენა ძალიან ადრეულ ეტაპზე მოხდა და ლაინერს სრულად გამოჯანმრთელების ბრწყინვალე შანსი აქვს. მაღალია ალბათობა, რომ ის საფეხბურთო აქტივობას რამდენიმე თვეში დაუბრუნდება.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შტეფანმა საუკეთესო მკურნალობა მიიღოს. გვინდა, მის ოჯახს ამ დაავადებასთან ბრძოლაში გამძლეობა და ოპტიმიზმი ვუსურვოთ“, - განაცხადა გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, როლანდ ფირკუსმა.

ცნობისთვის, ლაინერი „გლადბახში“ 2019 წელს გადავიდა, მანამდე კი „ზალცბურგის“ ღირსებას იცავდა. გერმანული კლუბის მაისურით მას 125 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები