ირის ანტმანი
Aa
Aa

„ვულკანი თბილისში“ - რა ელოდება ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს საქართველოში

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ებრაულმა გამოცემამ, Ynet-მა საქართველოსა და ისრაელის 21-წლამდე ნაკრებების მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე დაწერა, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ეგიდით გაიმართება. Ynet-მა საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ირის ანტმანთან ინტერვიუ ჩაწერა და იმ საოცარ გარემოზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ისრაელის 21-წლამდე გუნდს თბილისში ელოდება.

ვულკანი თბილისში: აი რა ელოდება, ისრაელის ახალგაზრდულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, მასპინძელმა საქართველომ სიკვდილის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მთელი ქვეყანა აღაფრთოვანა. ქართველმა გულშემატკივრებმა დასწრების რეკორდი მოხსნეს და 55 000-ადგილიანი სტადიონის ყველა ბილეთიც გაყიდულია.

„საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ქვეყანაში უზარმაზარი სენსაცია გამოიწვია და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეიოფში ისტორიაში პირველად გავიდა. საქართველომ პორტუგალიას 2:0 მოუგო, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან კი ფრედ, 2:2 და 1:1 ითამაშა. ქართველებმა სიკვდილის ჯგუფი წაუგებლად დაასრულეს და პირველი ადგილი დაისაკუთრეს.

21-წლამდე ნაკრების წარმატებამ ფეხბურთის ქართველი ქომაგი აღაფრთოვანა. პორტუგალიასთან მატჩს 24 425 გულშემატკივარი დაესწრო, ბელგიასთან ტრიბუნებზე 41 887 ქომაგი გახლდათ, რაც ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის რეკორდი იყო. ეს რეკორდი ძალაში დიდხანს არ დარჩენილა და ნიდერლანდებთან შეხვედრას თვალი 43 004 ადამიანმა ადევნა.

„იყო შიში, რომ სტადიონზე ბევრი ქომაგი არ მივიდოდა, რადგან საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე მაღალი დასწრება არაა, თუმცა მთელ ქვეყანაში განსაკუთრებული განწყობაა. საქართველოში უაღრესად პატრიოტი ხალხი ცხოვრობს და ისინი ქვეყნის ჰიმნსა და დროშას უდიდეს პატივს სცემენ. როცა ნაკრების თამაშები მოდის, მათთვის ყველაფერი იცვლება და ეს აღმაფრთოვანებელია“, - აცხადებს ანტმანი.

უეფა, რა თქმა უნდა, საქართველოს მოულოდნელ აღმასვლას არ ელოდებოდა და როცა ეს მოხდა, განაცხადა, რომ მეოთხედფინალური დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონის ნაცვლად, დინამო არენაზე გაიმართება, რომელზეც 55 000 ადამიანი ეტევა. ამ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 1 საათში გაიყიდა.

საქართველოს ახალგაზრდული გუნდის დიდი წარმატებას შეგვიძლია, მოულოდნელი ვუწოდოთ, მაგრამ შემთხვევითი ნამდვილად არაა. ბოლო წლებში ქართული ფეხბურთი განვითარდა და ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის პლეიოფში მიიღებს მონაწილეობას. ეს პერსპექტიული ტალანტების დამსახურებაა, რომლებიც ძლიერ ევროპულ ჩემპიონატებში ასპარეზობენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ნაპოლის სკუდეტო მოაგებინა. ის 22 წლისაა და შეეძლო, ახალგაზრდულ ევროპირველობაზე ეთამაშა, მაგრამ გადატვირთული სეზონის გამო, უარის თქმა მოუწია.

„ქართულ ფეხბურთში ნიჭიერი მოთამაშეები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ დღესდღეობით, ახალგაზრდა ფეხბურთელები მაღალ დონეზე სათამაშოდ მენტალურად უკეთ არიან მზად“, - ამბობს ანტმანი.

კვარაცხელიას გარდა, რამაზ სვანაძის გუნდში შეხვდებით ვალენსიას მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს. როგორც ანტმანი ამბობს, მას ევროპულ გრანდში გადასვლის პერსპექტივა აქვს. მის მხარდამხარ არის მინი-მკვლელი, ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც ნიდერლანდების წინააღმდეგ საოცარი გოლი გაიტანა. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ასევე ნახავთ ისრაელში დაბადებულ გიორგი წიტაიშვილს, რომელიც გასულ სეზონში ლეხის რიგებში თამაშობდა“, - წერს ებრაული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელს დაუპირისპირდება. მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯარიმა იყო“ - პორტუგალიელი ფეხბურთელი გაგუას გოლზე
„ჯარიმა იყო“ - პორტუგალიელი ფეხბურთელი გაგუას გოლზე