ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, გაი ლუზონი
Aa
Aa

„სავსე სტადიონი იქნება, აქცენტს დაცვაზე გავაკეთებთ“ - ლუზონი საქართველოსთან მატჩზე

ისრაელის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაი ლუზონმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან 1/4-ფინალური მატჩის წინ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.

გაი ლუზონი: „საქართველოსთან გამართული წინა ამხანაგური მატჩი სხვა დონის იყო და მაშინ ორივე გუნდი სხვა მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. ამჯერად ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვხვდებით ერთმანეთს, საქართველო კი ძლიერი გუნდია, რომელმაც ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ამ შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვოთ.

საქართველოს მსგავსად, ჩვენი ჯგუფიც ძალიან რთული იყო, თუმცა ამ ორი გუნდის თამაშის დონე ერთმანეთისგან ნამდვილად განსხვავდებოდა. 2-3 ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს, თუმცა შევეცდებით ბოლომდე ვიბრძოლოთ.

55 000 გულშემატკივრის წინაშე ნამდვილად გაგვიჭირდება თამაში, ამიტომ მთავარი აქცენტი დაცვაზე უნდა გამახვილოთ“.

ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი სტავ ლემკინი: „უნდა გვჯეროდეს ჩვენი თავის. საქართველოსთან მარტივი თამაში არ გველოდება, თუმცა გამარჯვებას მთელი ძალებით შევეცდებით. ჩვენთვის მთავარია განწყობა და ერთად ყოფნა. მოედანზე ჩვენი მისია უნდა შევასრულოთ და იგნორირება გავუკეთოთ სტადიონზე მოსულ უამრავ გულშემატკივარს“.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის 1/4-ფინალში საქართველოს მეტოქე ისრაელია. შეხვედრა „დინამო არენაზე“ პირველ ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე დაუმარცხებელი იყო, პორტუგალიას მოუგო (2:0), ბელგიასთან (2:2) და ნიდერლანდებთან (1:1) ფრედ ითამაშა. საქართველო პირველ ადგილზე გავიდა, პორტუგალია - მეორეზე, ხოლო ნიდერლანდები და ბელგია ჯგუფში ჩარჩნენ. ანალოგიურად, სენსაციური იყო ისრაელის ნაკრების გამოსვლა, რომელმაც ჯგუფში გერმანია და ჩეხეთი ჩატოვა.

მომზადებულია TV IMEDI-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები