სევილია, რომა
Aa Aa

სევილია VS რომა - მატჩის წინ

ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს „სევილია“ და „რომა“ დაუპირისპირდებიან. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

შიდა ჩემპიონატები

ორივე გუნდს შიდა ჩემპიონატში ისეთი სიტუაცია აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ამ ფინალის მოგება ჰაერივით სჭირდებათ. ჟოზე მოურინიოს გუნდი სერია ა-ს დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 60 ქულით მე-6 ადგილზეა და ოთხეულში მოხვედრის შანსი არ აქვს.

რაც შეეხება „სევილიას“, მენდილიბარის შეგირდები 49 ქულით მე-11 ადგილზე არიან და ფინალში წაგების შემთხვევაში ვერცერთ ევროპულ ტურნირზე ვერ მოხვდებიან.

პლეი-ოფი

ორივე გუნდმა საკმაოდ რთული გზა გაიარა. „სევილია“ ევროპის ლიგაზე 1/16 ფინალიდან ჩაერთო, სადაც პსვ-ს შეხვდება და მძიმე ბრძოლაში მერვედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე კი „ფენერბახჩეს“ ბარიერი დაძლია.

მეოთხედფინალიდან ესპანელთა მეტოქეები უფრო სოლიდურები იყვნენ. ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედი, ხოლო შემდეგ „იუვენტუსი“. საბოლოოდ მენდილიბარის გუნდი ფინალში დამაჯერებლად გავიდა.

„ჯალოროსი“ ევროპის ლიგაზე ჯგუფური ეტაპიდან იმყოფება. პლეი-ოფში „რომას“ მეტოქეები „ზალცბურგი“, „სოსიედადი“, „ფეიენოორდი“ და „ბაიერი“ იყვნენ.

დანაკლისი

„სევილიას“ ევროპის ლიგის ფინალში აკუნია, კორონა და გეიე არ ეყოლება, ხოლო ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში კარსდროპი და მარაშ კუმბულა არ იქნებიან. ასევე 90 წუთით ვერ დაიტვირთება პაულო დიბალა, რომელსაც ტრავმა აქვს.

მოურინიო ფინალის წინ:

„ჩვენ უფრო დიდი გზა გავიარეთ განსხვავებით ჩვენი მეტოქისგან, რადგან ისინი აქ ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდნენ. ფინალში გასასვლელად 14 თამაში ვითამაშეთ და უდავოა, რომ დავიმსახურეთ. მე ვიტყოდი, რომ ისტორია არ თამაშობს, მაგრამ ჩემი თანამემამულე კოლეგა ასე არ ფიქრობს. „სევილიაში“ ფიქრობენ, რომ ეს მათ უპირატესობას ანიჭებს, მაგრამ ასე არ არის.

მათთვის ევროპის ლიგის ფინალში თამაში ნორმაა, ჩვენთვის კი არაჩვეულებრივი მოვლენაა. „სევილიას“ გულშემატკივრებისთვის ეს ფინალი ლა ლიგის ტურის მატჩს ჰგავს. „რომასთვის“ ახალი ისტორიაა. მადრიდში ჩემი კოლეგები ამბობენ, რომ „სევილიას“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს. ყველა ფეხბურთელი მაღალი დონის არის, მაგრამ ისინი არ იცნობენ ჩემს ბიჭებს.

„სევილიას“ ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქვს. წელს, რამდენიმე ფეხბურთელი მეორე გუნდიდან დავაწინაურე და მათ გაამართლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად თამაშობენ და უფრო მეტი გამოცდილება აქვთ. დიბალას 20-30 წუთი ექნება.“

მენდილიბარი ფინალის წინ:

„დიდი მადლობა ჟოზე მოურინიოს იმისთვის, რაც ჩვენზე თქვა. რა თქმა უნდა, ისტორია ფინალს არ თამაშობს. „რომა“ ურთულესი მეტოქეა. მათთან არანაირი უპირატესობა არ გვექნება, მაგრამ არც მათ ექნებათ ჩვენთან უპირატესობა. თანაბარ ბრძოლას ველოდები. აქ ცოტა ხნის წინ ჩამოვედი და კონტრაქტი 30 ივნისს მეწურება. ისტორიის დაწერის კარგი შანსი მაქვს.

იმედი მაქვს ვარჯიშზე არაფერი მოხდება და ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება. ახლა დაღლილი ვარ და კარგად უნდა გამოვიძინო. აქ ჩამოსასვლელად დილას საკმაოდ ადრე ავდექი. არ ვფიქრობ, რომ გამარჯვება ჩემს მომავალზე გავლენას იქონიებს. ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“

ისტორია

ეს გუნდები ერთმანეთს ოფიციალურად არასდროს დაპირისპირებიან. ისტორიაში მხოლოდ 4 ამხანაგური მატჩი ფიქსირდება. 2 თამაში „სევილიამ“ მოიგო, ერთი „რომამ“, ერთიც ფრედ დასრულდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ანდალუსიელებს ევროპის ლიგის ფინალი არასდროს წაუგიათ. 6 ფინალი და 6 მოგება. ამით „სევილია“ რანგით მეორე ევროპულ ტურნირზე ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. ამის საპირისპიროდ მათ მოურინიოს გამოცდილება ხვდებათ, რომელსაც კარიერაში ევროპული ტურნირის ფინალი არასდროს წაუგია.

გაზიარება: