მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი
Aa Aa

მანჩესტერ სიტი VS რეალი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

წინა მატჩი

ამ გუნდების პირველმა დაპირისპირებამ გულშემატკივრები ცოტა დააბნია. „მანჩესტერ სიტიმ“ თავის სტილს გადაუხვია და რიგ ეპიზოდებში უკნიდან თამაშობდა. ანგარიში ვინისიუს ჯუნიორმა გახსნა და პირველი ტაიმი „ბლანკოსის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მეორე ნახევარში, მადრიდელებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ვერ მოახერხეს. ამის საპასუხოდ, კევინ დე ბრუინმა გაისროლა და მატჩის საბოლოო შედეგი 1:1 დააფიქსირა.

შიდა ჩემპიონატი

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგა წააგო. „ბარსელონამ“ „ესპანიოლს“ მოუგო და ესპანეთის ჩემპიონი გახდა, თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ გასულ ტურში „სამეფო კლუბმა“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და ასენსიოს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, გუარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგის ტიტულს მიუახლოვდა. „არსენალმა“ „ბრაიტონთან“ წააგო, ხოლო „ქალაქელებმა“ სტუმრად ევერტონი დაამარცხეს. ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილში „სიტი“ 85 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და „არსენალს“ 4 ქულით უსწრებს, თუმცა მანჩესტერულ გრანდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

დანაკლისი:

„სამეფო კლუბს“ დანაკლისი არ აქვს, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ კვლავ ვერ ეხმარება ნათან აკე, რომელიც ნახევარფინალამდე „ქალაქელთა“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო.

საინტერესო ფაქტი

მადრიდის „რეალს“ „ეტიჰადზე“ არასდროს მოუგია. 4 მატჩი, 2 ფრე, 2 წაგება - ასეთია „რეალის“ შედეგი. ასევე, „სამეფო კლუბი“ ფინალში არასდროს გასულა მას შემდეგ, რაც საკუთარ კედლებში პირველი შეხვედრა 1:1 დაასრულა.

ანჩელოტი მატჩის წინ:

„დღეს მე ვარ ძალიან მშვიდი და მაქვს დიდი რწმენა. გონება ყველამ პოზიტივისკენ უნდა მოვმართოთ. აქ ჩამოსვლით ბედნიერები ვართ. მილიტაო, როგორც ყველა სუპერ მოტივირებულია. ასეთი დონის მატჩებში კონცენტრაციის დაკარგვის საშიშროება არ არსებობს. თუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე ორიენტირებული არ ხარ, მაშინ საერთოდ როგორ შეგიძლია ფეხბურთის თამაში?

პენალტების სერიაზე არ ვფიქრობ, ეს არასწორი იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ თამაში აქამდე მივიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში გამარჯვებაზე ვიფიქრებთ. კამავინგა ჯანმრთელია და თავისუფლად შეუძლია თამაში. გამიმართლა, რომ ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია.

შემადგენლობის არჩევა ადვილი არ არის. შარშან 4 ნახევარმცველით ვთამაშობდით. ვალვერდე მარჯვენა ფლანგზე იწევდა და ამან ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოგვიტანა. წელს, 3 შემტევით ვთამაშობთ და ნახევარფინალამდე მოვედით. დამიჯერეთ, არჩევანი ძალიან რთულია. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ სირთულეები საუკეთესოს მიღებაში გვეხმარება.

გეგმა ისეთია, როგორიც ყოველთვის. ვცდილობ თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმი მივიღოთ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს გუნდური ასპექტი. ეს არის თამაში, რომელსაც დიდი ენერგია სჭირდება. შეგვიძლია ყველაფერი იმაზე უკეთ გავაკეთოთ, ვიდრე პირველ მატჩში.“

გუარდიოლა მატჩის წინ:

„ჩემი მემკვიდრეობა უკვე განსაკუთრებულია. ამ ეტაპზე უკვე ბევრჯერ ვიყავით და საკმარისად ჭკვიანები ვართ იმისთვის, რომ მისი მნიშვნელობა კარგად ვიცოდეთ. ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ ამ მომენტით ისიამოვნონ. განსაკუთრებული არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ფეხბურთელები უნდა იყვნენ ისინი, ვინც არიან. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც მადლიერი ვარ ბიჭების, რომ ამ ეტაპზე მოვიდნენ.

ემოციური ფონი, რა თქმა უნდა, მაღალია. მადრიდის „რეალს“ უბრალოდ ვერ დაამარცხებ. ჩვენ განსაკუთრებული გეგმა გვჭირდება. უფრო მეტი მომენტი უნდა შევქმნათ და ბურთი ჩვენ გვქონდეს. „რეალი“ უმძიმესი მეტოქეა. ჩვენ უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ამას უნდა გავუმკლავდეთ.

როდესაც აქ ჩამოვედი არავის დაუვალებია, რომ ლიგა მოვიგო. უბრალოდ მითხრეს, რომ, რაც შეიძლება საუკეთესო გავაკეთო. ამ ერთის გარდა ყველა ტიტული მოვიგეთ. ხალხი ამბობს, რომ ლიგის მოგებასთან ახლოს ვართ, მაგრამ დამერწმუნეთ, ჯერ ყველაფერი ძალიან შორს არის. ამ მატჩში ფავორიტი არ არსებობს.

მე მაქვს იდეა, რომლის მიხედვითაც შეტევაში განსხვავებულად ვითამაშებთ. 10-დან 7 ნახევარფინალში დავმარცხდი და ეს გრძნობა კარგად ვიცი. ვეცდები, რომ იგივე აღარ განმეორდეს. ტაქტიკაზე სხვას ვერაფერს გეტყვით, რადგან ამას კარლო გაიგებს. წარმოუდგენელ თავდაჯერებულობას ვგრძნობ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„რეალს“ ყოველთვის ჰყავდა უმაღლესი დონის ფეხბურთელები. ამის გარეშე ისინი ამ ყველაფერს ვერ მიაღწევდნენ. ჩვენი გეგმა მათი საფრთხის მინიმუმამდე დაყვანაა. ეს „რეალია“ და არასდროს იცი რას შემოგთავაზებს.“

ცნობისთვის, ამ „სიტისა“ და „რეალის“ განმეორებითი დაპირისპირება 17 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: