გიორგი წიტაიშვილი, პოზნანის ლეხი
Aa
Aa

წიტაიშვილმა ვარჯიში განაახლა - კვლავ მეორე გუნდში ითამაშებს

„ლეხის“ ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა წელის ტკივილის გამო ერთი კვირა გამოტოვა. CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელმა დაახლოებით ერთი კვირაა ვარჯიში განაახლა, თუმცა მისი პირველ გუნდში თამაში სეზონის დარჩენილ ნაწილში გამორიცხულია.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრიდან მოყოლებული პირველ გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა დაკარგა, მოტივირებულია და მონდომებით ვარჯიშობს, რომ ივნისის თვეში სანაკრებო მატჩებს მზადყოფნაში შეხვდეს. „ლეხის“ მეორე გუნდი რანგით მესამე ლიგაში თამაშობს, სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. სავარაუდოდ, წიტაიშვილი აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.

CrystalSport-ის ცნობით, კიევის „დინამოს“ ქართველი შემტევის დაბრუნება სურს. განიხილება ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკება ზოგადია და კონკრეტულ შეთანხმებამდე საქმე არ მისულა.

ზამთარში წიტაიშვილმა „ლეხში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა დაკარგა. ამ თემაზე CrystalSport-ი აპრილის თვეში ვრცლად წერდა. 

რატომ დაკარგა წიტაიშვილმა სათამაშო დრო

2022 წლის ზაფხულში გიორგი წიტაიშვილის გადაბირებით დაინტერესესებული „ლეხის“ სპორტული დირექტორი ტომაშ ჟონსა იყო და არა მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან დენ ბრომი. ნიდერლანდელი სპეციალისტის პრიორიტეტებში წიტაიშვილის ტრანსფერი არ შედიოდა. სპორტულმა დირექტორმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და კიევის „დინამოდან“ ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით დაიმატა.

სეზონის პირველ ნახევარში მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე პოლონურ კლუბში დიდი კონკურენცია არ ყოფილა, რადგან წიტაიშვილის პოტენციურ კონკურენტებს ტრავმები აწუხებდათ. ტრავმების ფონზე კონკურენციის გაზრდის მიზნით „ლეხისთვის“ წიტაიშვილის იჯარით დამატება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვითარება ზამთარში შეიცვალა, ტრავმამოშუშებულ ფეხბურთელებთან შედარებით ნაკლებად პრიორიტეტულ მოთამაშედ გადაიქცა და ჯონ ვან დენ ბრომმა იმ ფეხბურთელებს მიანიჭა უპირატესობა, რომლებიც კლუბის საკუთრებას წარმოადგენენ.

ასევე, საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, მარტის სანაკრებო მატჩებამდე, როცა უკვე მისი სათამაშო დრო მკვეთრად შემცირებული იყო, ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელს თამაშების მეორე გუნდში ჩატარება სთხოვა, სურდა სანაკრებო მატჩებს ვითარებიდან გამომდინარე მაქსიმალურად კარგ კონდიციაში შეხვედროდა, თუმცა მთავარი მწვრთნელისგან უარი მიიღო, მაგრამ მარტის სანაკრებო შეხვედრების გამართვამდე ჯონ ვან დენ ბრომმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და მეორე გუნდში თამაშის უფლება მისცა. მას შემდეგ წიტაიშვილი „ლეხის“ მეორე გუნდში თამაშობს, რომელიც პოლონეთის რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს.

მიმდინარე სეზონში „ლეხის“ პირველ გუნდში 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. მეორე გუნდში ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები