გორის დილა, თბილისის დინამო, გაგრა, ბათუმის დინამო, იბერია 1999, ქუთაისის ტორპედო, თელავი, წყალტუბოს სამგურალი, ქობულეთის შუქურა, სამტრედია
Aa
Aa

საბურთალოს საოცარი ქამბექი | ტორპედო გორში განადგურდა

Crystalbet ეროვნულ ლიგაში დღეს მე-11 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

დღის პირველ მატჩში, გაგრამ თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე „თელავს“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, თეიმურაზ შონიამ გახსნა, რომელმაც ანდრო ნემსაძის გადაცემა ზუსტად გამოიყენა. თელაველებმა წონასწორობა 63-ე წუთზე აღადგინეს. „გაგრას“ კარში გოლი გიორგი ილურიძემ გაიტანა. მატჩის 75-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან „თელავის“ ფეხბურთელი, ნიკოლოს ნოზაძე გააძევა, თუმცა „გაგრამ“ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

დღის მეორე მატჩში წყალტუბოს „სამგურალმა“ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 4:1 გაიმარჯვა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-20 წუთზე გახსნეს. ქობულეთელების კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად ნოდარ ლომინაძემ შეასრულა და „სამგურალი“ დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს „შუქურამ“ წონასწორობის აღდგენა შეძლო, თავი კი ცოტნე ფაცაციამ გამოიჩინა, რომელმაც ეფექტური ჯარიმა შეაგდო.

მეორე ნახევარმა თავიდან ბოლომდე წყალტუბოელთა უპირატესობით ჩაიარა და მასპინძლებმა მეტოქის კარში სამი უპასუხო ბურთი გაიტანეს. 47-ე წუთზე „სამგურალი“ ნიკა ხორხელმა დააწინაურა. 58-ე წუთზე შარბელ გომეზმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა, საბოლო ანგარიში კი 88-ე წუთზე ლადო ჩიხრაძემ დააფიქსირა.

დღის მორიგ მატჩში, Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „დინამო“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „სამტრედიას“ ესტუმრა და 0:2 დაამარცხა.

სამტრედიელთა კარში ორივე გოლი ზორან მარუშიჩმა გაიტანა. სერბმა ფეხბურთელმა ანგარიში 34-ე წუთზე გახსნა, 58-ე წუთზე კი მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და თბილისურ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

საკმაოდ საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ვიხილეთ რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ბაზაზე, სადაც „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს“ დაუხვდა და დრამატულ ბრძოლაში ფრედ, 3:3 ითამაშა.

საგულისხმოა, რომ თბილისელი ფეხბურთელები 87-ე წუთამდე 0:3 მარცხდებოდნენ, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე ბათუმელთა კარში სამი გოლის გატანა შეძლეს და ერთი ქულაც მოიპოვეს.

გია გეგუჩაძის გუნდი მე-40 წუთზე პაატა ღუდუშაურმა დააწინაურა. 47-ე წუთზე გიორგი ზარიამ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა, 73-ე წუთზე კი ვლადიმერ მამუჩაშვილმა კუპატაძის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად.

ერთი შეხედვით, „დინამოს“ მატჩი გამარჯვებამდე აუღელვებლად უნდა მიეყვანა, თუმცა „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლეს. 87-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ „დინამოს“ კარში ერთი ბურთი გაქვითა, ზუსტად ორ წუთში კი შეიკნე სილამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. შეხვედრის ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე ხარიტონაშვილმა ბათუმელთა კარში ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ საკამათო პენალტი დანიშნა, რომელიც შეიკნე სილვამ ზუსტად შეასრულა, დუბლი გაიფორმა და „საბურთალოს“ საბრძოლო 1 ქულა მოუტანა.

სათამაშო დღის ბოლო მატჩი კი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ადგილობრივმა „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.

მატჩის ასეთ სცენარს ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გორელებმა საუცხოო თამაში აჩვენეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, რევაზ ჩიტეიშვილმა ეფექტური შორეული დარტყმით გახსნა და „დილა“ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ნიკა გაგნიძემ გორელთა სასარგებლოდ „ტორპედოს“ კარში მეორე ბურთი გაიტანა. 59-ე წუთზე ტიერი გეილმა სხვაობა სამბურთამდე გაზარდა. 70-ე წუთზე ბარბადოსელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი გიორგი ცეცხლაძემ 83-ე წუთზე დააფიქსირა.

11 ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნულ ლიგას 25 ქულით ბათუმის „დინამო“ ლიდერობს, მეორე ადგილზე 23 ქულით თბილისის „დინამოა“, მესამე პოზიციას კი 22 ქულით „სამგურალი“ იკავებს.

Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-12 ტურის შეხვედრები 5-6 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიში ყველაზე საშიშია“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს
„ნაპოლიში ყველაზე საშიშია“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს