ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, აინტრახტი
Aa Aa

ნაპოლი VS აინტრახტი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „ნაპოლი“ „აინტრახტს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ნაპოლი“

ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია ა-ში წარმატებულ სვლას განაგრძობს. უკანასკნელ ტურში, „პარტენოპეიმ“ „ატალანტას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. გამარჯვებაში კი თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ამ მომენტისთვის, ნეაპოლური კლუბი იტალიის ჩემპიონატს 68 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს.

დანაკლისი:

„ნაპოლი“ თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. ლუჩიანო სპალეტის განკარგულებაში მხოლოდ ჯაკომო რასპადორი არ იქნება, თუმცა ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად არ განიხილება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ „პარტენოპეი“ 100%-ით მზად არის.

რა თქვა სპალეტიმ მატჩის წინ?

„შესაძლოა, ეს მატჩი ამ სეზონის პირველი ფინალი იყოს, რადგან ბევრის განსაზღვრა შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს შესაძლოა გუნდისთვის წნეხი იყოს. ჩვენ ამ სეზონში უკვე არაერთხელ ვნახეთ პოზიტიური თუ ნეგატიური მომენტები, თუმცა გუნდი არ გატეხილა, მე მშვიდად ვარ ფეხბურთელების სიძლიერესთან და მათ შესაძლებლობებთან მიმართებაში. 

ხვალ გვჭირდება თავი, გული და ცოტა იღბალი. არ დაგვავიწყდეს, რომ „აინტრახტმა“ ჯგუფური ეტაპიდან გასვლა შეძლო, სადაც მისი კონკურენტები „ტოტენჰემი“, „მარსელი“ და „სპორტინგი“ იყვნენ. ასევე, გასულ სეზონში „აინტრახტმა“ „ბარსელონა“ სტუმრად დაამარცხა. ამგვარად, ჩვენ ოლივერ გლასნერის მიერ გაწეული საქმიანობის მიმართ პატივისცემა გვაქვს.

ჩვენ გვჭირდება თავდაჭერილობა, სარგებლიანობის მაღალი მაჩვენებელი, პროფესიონალიზმი, წარმატების დიდი სურვილი, თანაგუნდელებისადმი დახმარების უნარი. არ უნდა წარმოვადგენდეთ მხოლოდ ცალკეულ 11 მოთამაშეს, არამედ უნდა ვიყოთ ერთი მთლიანობა, ერთი გუნდი“.

„აინტრახტი“

შეიძლება ითქვას, რომ გერმანული კლუბი ცუდ ფორმაშია და განმეორებით შეხვედრას ცუდ ხასიათზე ხვდება. გლასნერის გუნდმა ბუნდესლიგის ბოლო 3 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო. უკანასკნელ ტურში „აინტრახტი“ საკუთარ კედლებში შტუტგარტს დაუზავდა - ფრე 1:1.

დანაკლისი:

ფრანკფურტელთა მთავარი დანაკლისი კოლო მუანი გახლავთ, რომელიც პირველ შეხვედრაში გააძევეს და მეორე თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. გლასნერის განკარგულებაში ასევე ვაინგი, დინა ებიმბე და ლინდსტრომი არ იქნებიან.

რა თქვა გლასნერმა მატჩის წინ?

„პირველ შეხვედრაში ვერ ვიპოვეთ ის უნარი, რომ „ნაპოლის“ წნეხი თავიდან აგვეცილებინა. მე-60 წუთამდე „ნაპოლის“ ბურთის ფლობის დიდი უპირატესობა ჰქონდა. „ნაპოლიმ“ ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენა. საპასუხო მატჩში შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.

ჩვენ შეგვიძლია 3 გოლი გავიტანოთ და არც ერთი გავუშვათ. ან შეგვიძლია თამაში პენალტებამდე მივიყვანოთ. ძალიან დიდი ოპტიმიზმის დრო არაა, თუმცა ჩვენს პლუსებზე მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ.

კოლო მუანისა და იესპერ ლინდსტრომის არყოფნაში შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ დაცვასა თუ შეტევაში მინუსების აღმოფხვრა და გამოსწორება შეგვიძლია. ჩვენ გოლების გატანა შეგვიძლია, ჩემს ფეხბურთელებს თავდაჯერება აქვთ“.

 

 

წინა მატჩი

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანიაში გაიმართა, რომელიც „ნაპოლიმ“ ოსიმენისა და დი ლორენცოს გოლების წყალობით 2:0 მოიგო. განმეორებითი მატჩი კი 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: