ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa Aa

მანჩესტერ იუნაიტედი VS ბარსელონა - მატჩის წინ

ევროპის ლიგის 1/16 ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, CrystalSport ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

წინა მატჩი:

ეს გუნდები ერთმანეთს გასულ ხუთშაბათს შეხვდნენ და ფრედ 2:2 დასრულდა. ბარსას მხრიდან გოლები მარკოს ალონსომ და რაფინიამ გაიტანეს. „წითელი ეშმაკებიდან“ კი ტერ შტეგენის კარი რაშფორდმა აიღო. ერთი ბურთი კი კუნდემ ჩაჭრა საკუთარ კარში.

„ბარსელონა“

კატალონიური გრანდი ლა ლიგაში ბრწყინვალედ გამოიყურება და თამაშს თამაშზე იგებს. გასულ ტურში „ბლაუგრანამ“ „კადისი“ სერხი რობერტოს და ლევანდოვსკის გოლებით დაამარცხა. სატურნირო ცხრილში კი ბარსა პირველ პოზიციას იკავებს. ჩავის გუნდი „რეალს“ 8 ქულით უსწრებს.

დანაკლისი:

ჩავი ერნანდესს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები აქვს. „ბარსელონას“ 3 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ ეყოლება. საუბარი უსმან დემბელეზე, გავიზე და პედრიზეა.

ჩავი მატჩის წინ:

„ტენ ჰაგი ძალიან კარგია, მისი მუშაობის სტილი მომწონს. მან ააშენა გუნდი, შეარჩია მაქსიმალურად ყველა ის მოთამაშე, რომელიც მას სჭირდებოდა. ტაქტიკურად ის ძალიან კარგად მუშაობს და გასახდელშიც სიტუაციას წარმატებით მართავს.

ტენ ჰაგი ცდილობს, რომ მისმა მოთამაშეებმა ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინონ. ეს შეგიძლიათ ნახოთ სანჩოს, რაშფორდისა და ბრუნოს შემთხვევაში. და ნახეთ როგორ თამაშობს ფრედიც.

ვფიქრობ, რომ უცხოელმა მწვრთნელებმა პრემიერ ლიგაზე დადებითი გავლენა მოახდინეს. გუარდიოლა რა თქმა უნდა, საუკეთესო მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით ვთამაშობდი, ასევე სხვა მწვრთნელებთანაც და შემიძლია ვთქვა, რომ პეპსა და სხვებს შორის განსხვავება უზარმაზარი უფსკრულია. ის გენიალურია, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით.

ერთხელ მატჩისას ვფიქრობდი: „ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ, რადგან მეტოქე ასე მოქმედებს, ზუსტად ამ მიზეზით...“ - პირველი ტაიმი დასრულდა და გასახდელში ჩავედით, გუარდიოლამ იქ ზუსტად იგივე გვითხრა, რასაც მე ვფიქრობდი“.

„მანჩესტერ იუნაიტედი“

ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნის შემდეგ, „წითელმა ეშმაკებმა“ აშკარად მოუმატეს და მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან. ჩემპიონობა ცოტა რთული იქნება, მაგრამ „იუნაიტედი“ ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

პრემიერ ლიგის გასულ ტურში, ნიდერლანდელი სპეციალისტის გუნდმა საკუთარ კედლებში „ლესტერი“ დაამარცხა. სატურნირო ცხრილში კი 49 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. მანჩესტერული გრანდი 3 ქულით თანაქალაქელ „სიტის“ ჩამორჩება, ხოლო ლიდერ „არსენალს“ 5 ქულით, თუმცა „მეთოფეებს“ 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

დანაკლისი:

ტენ ჰაგის განკარგულებაში კრისტიან ერიქსენი, მარსიალი და დონი ვან დე ბეეკი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ანტონის და მაგუაერის თამაში.

ტენ ჰაგი მატჩის წინ:

„ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასარკვევი. მარსიალი არ გვეყოლება. იმედი მაქვს ანტონი და მაგუაერი თამაშს შეძლებენ. პირველი მატჩისგან განსხვავებულ ფეხბურთს ვითამაშებთ და თქვენ ამას სტადიონზე იხილავთ. გარკვეული იდეები გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, რომ დიდ მატჩებში მივიღოთ მონაწილეობა.

ვფიქრობ, პირველი მატჩი ძალიან კარგი იყო. ერთმანეთს ორი შემტევი გუნდი დაუპირისპირდება და გულშემატკივრებმა სანახაობრივი თამაში იხილეს. ჩვენი დონე კარგი იყო და კარგ შედეგსაც მივაღწიეთ. არსებობს წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას.

ფერგიუსონთან ერთად ვივახშმე. ზოგადად მიყვარს ისეთ ადამიანებთან საუბარი, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. „მანჩესტერ იუნაიტედი“ მისი კლუბია და სურს, რომ კარგად ვითამაშოთ. არ ვიცი რას იზამს ჩავი. გავი და პედრი დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ „ბარსელონას“ მათი შემცვლელები ჰყავს. თუ გამარჯვება გვსურს, საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ.“

ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 23 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

გაზიარება: