ხვიჩა კვარაცხელია, კრემონეზე
Aa
Aa

კვარამ დაბადების დღეზე გაიბრწყინა - ნაპოლიმ კრემონეზეს მარტივად მოუგო

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ საკუთარ მოედანზე ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, აბსოლუტური უპირატესობით, 3:0 დაამარცხა.

ქართველებიდან მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა, ლუკა ლოჩოშვილს კი კვლავ მუხლის ტრავმა აწუხებს და თავის გუნდს ზედიზედ რამდენიმე მატჩია ვერ ეხმარება.

რაც შეეხება ხვიჩას, ქართველმა შემტევმა მოედანზე 84 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ის თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საგულისხმოა, რომ კვარას დღეს 22 წელი შეუსრულდა და მან იუბილე ბრწყინვალე გოლითაც აღნიშნა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი 22-ე წუთზე სწორედ კვარას გოლით დაწინაურდა და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ხვიჩამ გოლი თავის 22-ე დაბადების დღეზე, 22-ე წუთზე, 22-ე ტურში გაიტანა. რამდენიმე წუთში ქართველ ფეხბურთელს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი თავური კრემონელთა კარს მცირე მანძილით ასცდა. ისიც უნდა ითქვას, რომ კვარას შედარებით უკეთესი პირველი ტაიმი ჰქონდა, მეორე ნახევარში კი ძირითადად თანაგუნდელებს პასებით ამარაგებდა.

კვარა VS კრემონეზე:

„კრემონეზეს“ კარში მეორე გოლი 65-ე წუთზე, ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, რომელმაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ სტუმართა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა.

საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ელიფ ელმასმა გაიტანა და შესაბამისად, „ნაპოლიმ“ სერია A-ში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

რაც შეეხება კვარას მონაგარს, ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში უკვე მე-9 გოლი შეაგდო და ამასთან, მას 9 საგოლე გადაცემაც აქვს. საერთო ჯამში მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 10 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

22 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 59 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს, თუმცა „ნერაძურის“ თავისი 22-ე მატჩი ჯერ გასამართი აქვს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეს ეფექტური პასი - სლოვანი უშუალო კონკურენტს დაუზავდა
ჩაკვეს ეფექტური პასი - სლოვანი უშუალო კონკურენტს დაუზავდა