ბათუმის დინამო, ლუკა ზარანდია, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძე, ზარანდია და სხვები - გეგუჩაძის საკადრო ცვლილებები ბათუმის დინამოში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გასული სეზონის დასრულების შემდეგ ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ Podcast Batumi-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე კლუბში დარჩებოდა, გუნდს კი დაახლოებით 15 ფეხბურთელი დატოვებდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით კლუბი 8 ფეხბურთელმა დატოვა. ეს მოთამაშეები არიან:

გიორგი ფანცულაია (კარიერას ყაზახეთში, კახა ცხადაძის გაწვრთნილ „კასპიიში“ გააგრძელებს), ჯაბა ჯიღაური, ოლექსანდრ აზაცკი (პოლონეთის მეორე ლიგის „არკაში“ ითამაშებს), მილან რადინი (კარიერას სერბულ „ბაჩკა ტოპოლაში“ გააგრძელებს), ბენჟამინ ტეიდი (კარიერას ებრაულ თელ-ავივის „ჰაპოელში“ გააგრძელებს), ლაშა გორდულავა (ამ ეტაპზე უგუნდოდაა).

ასევე, გიორგი ნავალოვსკიმ და მიხეილ ალავიძემ კარიერა დაასრულეს, თუმცა კლუბში დარჩნენ და აკადემიის განვითარების კუთხით იმუშავებენ.

CrystalSport-ის ცნობით, ბათუმის „დინამოს“ მცველი ივა გელაშვილი იჯარით „საბურთალოში“ ითამაშებს. მოსალოდნელი იყო, რომ მას შეკრება აჭარულ კლუბთან ერთად გაევლო, თუმცა საბოლოოდ, მისი განათხოვრება გადაწყდა. მან გასული სეზონის მეორე ნახევარი ასევე იჯარით „სიონში“ გაატარა.

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ 1TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აჭარულ გუნდში დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტს, ლუკა ზარანდიას ვიხილავთ, რომელმაც პოლონურ „არკაში“ ბრწყინვალე სეზონის (2018-19) შემდეგ ბელგიაში პოტენციალი ვერ გამოავლინა, „ზულტე ვარეგემის“ შემდეგ კელცეს „კორონაში“ იასპარეზა, თუმცა ფორმა ვერ აღიდგინა და სამშობლოში დაბრუნდა. ასევე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონში 19 წლის გიორგი კვერნაძე ითამაშებს, რომელმაც 2022 წლის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „თელავში“ ითამაშა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, „დინამომ“ 7 ფეხბურთელი დაიმატა, ეს მოთამაშეები არიან: 28 წლის სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი, 28 წლის მარცხენა გარემარბი ალექსანდერ იაკობსენი, 27 წლის ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი, 18 წლის ტალანტი მუხრან ბაგრატიონი, 30 წლის გამოცდილი ფორვარდი თორნიკე კაპანაძე, 26 წლის მარჯვენა გარემარბი ლუკა ზარანდია, 19 წლის გიორგი კვერნაძე.

არჩილ ბერიძის განაცხადდებით, ბოლნისის „სიონის“ საყრდენი ნახევარმცველი ივანე ფოცხვერია, ფოთის „კოლხეთის“ ნახევარმცველი გიორგი ხარებავა და უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ტკაჩენკო ანტალიაში ბათუმის „დინამოსთან“ ერთად შეკრებას გაივლიან, რის შემდეგაც გია გეგუჩაძე მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sky ხვიჩაზე: „ნაპოლის მარადონას ეფექტის დაბრუნება სჭირდება“
Sky ხვიჩაზე: „ნაპოლის მარადონას ეფექტის დაბრუნება სჭირდება“