რეალი
Aa
Aa

ანჩელოტი: “აზარის სიტუაცია ნათელია, დიდი კონკურენციაა“

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მადრიდის „რეალი“ დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

ანჩელოტი:

„ჩვენს მოწინააღმდეგეს ბევრი პრობლემა აქვს. მათ შორის ვარჯიშს და მგზავრობის.. ჩემპიონთა ლიგა კარგად დავიწყეთ და ასე გაგრძელებას ვაპირებთ. პრობლემების მიუხედავად, „შახტარი“ ძლიერი გუნდია და პატივი უნდა ვცეთ. მესის და ჩავის კომენტარებზე ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის კარგი ფეხბურთის თამაში მხოლოდ ბურთის ფლობა არ არის. კარგი ფეხბურთი დაცვაში იდეალურ თამაშსაც ნიშნავს.

კურტუა უკეთესად არის, მაგრამ ხვალ ვერ ითამაშებს. მის ადგილს კვლავ ლუნინი დაიკავებს. დიდი ალბათობით, ტიბო მომავალ კვირაში დაბრუნდება. „ელ კლასიკოსთვის“ კი მზად იქნება. ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველთვის მინდა, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ყველას შეუძლია ჰქონდეს თავისი აზრი. როდესაც ბენზემა ფორმაში არ არის, რა თქმა უნდა, გუნდს უფრო უჭირს, მაგრამ ის დიდებული ფეხბურთელია და იდეალურ ფორმას მალე დაუბრუნდება.

აზარის სიტუაციის შესახებ ყველამ კარგად იცის. მას ვუხსნი რა და როგორ ხდება. ედენს ესმის, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა. რეალურად მისი სიტუაცია სავსებით ნათელია. ნებისმიერ შემთხვევაში მიზანი 3 ქულაა და ამისთვის თავს არ დავზოგავთ.“

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ჯგუფს მადრიდის „რეალი“ 6 ქულით ლიდერობს. დონეცკის „შახტარი“ კი 4 ქულით მეორე ადგილზეა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 5 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები