მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, დარვინ ნუნიესი, არნო გრუნეველდი, ანტონი
Aa
Aa

მთავარი სამიზნე ნუნიესია - ტენ ჰაგის სატრანსფერო გეგმები ცნობილია

The Telegraph-ის ცნობით, ''მან. იუნაიტედის'' ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მთავარი სამიზნე ''ბენფიკას'' ურუგვაელი ფორვარდი დარვინ ნუნიესი იქნება. ნიდერლანდელ სპეციალისტს ''მან. იუნაიტედის'' შეტევითი პოტენციალის გაძლიერება სურს, ამ ამოცანის შესასრულებლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ნუნიესი გადაბირება ესახება.

''წითელი ეშმაკების'' რადარზე დარვინ ნუნიესის გარდა ''ვილიარეალის'' ფორვარდი არნო გრუნეველდი და ''აიაქსის'' ბრაზილიელი გარემარბი ანტონი არიან, თუმცა ბრიტანული მედიის ცნობით, ტენ ჰაგის უმთავრესი სამიზნე ნუნიესია.

''ბენფიკას'' ურუგვაელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის 25 მატჩში 25 გოლი შეაგდო, ჩემპიონთა ლიგის 10 შეხვედრაში კი 6 გოლით გამოიჩინა თავი. მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarket-ის ცნობით, ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო თანხა 40 მილიონი ევროა.

ნუნიესი 2019 წლიდან ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მოთამაშე ''პენიაროლის'' აღზრდილია, 2019-20 წლების სეზონში ''ალმერიაში'' ითამაშა, შემდეგ კი კარიერა პორტუგალიურ გრანდს დაუკავშირა.

ტენ ჰაგის დიდი გეგმები

ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დიდი გეგმებით მიდის, რომელსაც თავისებურად დაგეგმავს და საამისოდ მას კლუბის ხელმძღვანელობისგან თანხმობა უკვე მიღებული აქვს. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სრული კონტროლი მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტზე უარს იტყოდა.

Sky Sports-ის ცნობით, მწვრთნელი „იუნაიტედის“ ფეხბურთელებს ეტყვის, რომ მას არ სჭირდება „მგზავრები“ – ისინი, ვინც მზად არ არიან სამუშაოდ. მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ მწვრთნელი არის მთავარი ფიგურა გუნდში და კლუბი იწყებს ახალ ეტაპს, რომლის დროსაც საჭირო იქნება იმ დონეზე დაბრუნება, რომელიც შეესაბამება „მანჩესტერ იუნაიტედის“ სტატუსს.

ფეხბურთელებს, რომლებიც მზად არ არიან ასეთი გამოწვევისთვის, კლუბის შეცვლას შესთავაზებენ, მაგრამ, როგორც აღინიშნა, გუნდში მყოფი ყველა მოთამაშე ნულიდან დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები