ბრწყინვალე გამარჯვება და პირველი ადგილი - საქართველომ ნორვეგია დაამარცხა
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება და პირველი ადგილი - საქართველომ ნორვეგია დაამარცხა

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ნორვეგია 1:0 დაამარცხა. ვასილ მაისურაძის გუნდმა 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ნორვეგია 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, უელსმა 4 ქულა დააგროვა, ხოლო კოსოვომ ჯგუფური ეტაპი 0 ქულით დაასრულა.

ევროშესარჩევის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოსა და უელსის მატჩი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტურში ვასილ მაისურაძის გუნდმა ოთარ მამაგეიშვილის ერთადერთი გოლით კოსოვო დაამარცხა, დასკვნით ტურში კი ქართველმა ფეხბურთელებმა ნორვეგიელებს გიზი მამაგეიშვილის გოლით სძლიეს. ''საბურთალოს'' აღზრდილი ტყუპი ძმების როლი საქართველოს ნაკრების წარმატებაში უდიდესია.

ანგარიში 26-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილმა გახსნა, ''საბურთალოს'' ნახევარმცველმა ბურთი კუთხურიდან ''ჩაახვია'', ნორვეგიელთა მეკარე შეცდა და ვასილ მაისურაძის გუნდი დაწინაურდა.

35-ე წუთზე ნორვეგიას ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, საქართველოს ნაკრების მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა მეტოქის შემტევი თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა, არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა, პენალტი ''ჩელსის'' 23-წლამდე გუნდის ფორვარდმა ბრაიან ფიაბემამ შეასრულა, ხარატიშვილმა შეცდომა გამოასწორა და ბურთი მოიგერია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნორვეგიასთან შეხვედრაში:

ხარატიშვილი, ჩხეტიანი, დუნდუა, სალუქვაძე, პირტახია, ო. მამაგეიშვილი, გ, მამაგეიშვილი (ცხოვრებაშვილი 75), გაგნიძე (უგრეხელიძე 89), გეგუჩაძე (კეკელიძე 90+3), გვიშიანი, კვერნაძე (იობაშვილი 75)

მეორე ტაიმში უპირატესობას ნორვეგიის ნაკრები ფლობდა, პოლ არნე იოჰანსენის გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, სკანდინავიელები გოლის გატანასთან ყველაზე ახლოს დამატებულ წუთზე იყვნენ, როცა ბურთი კარის ძელს მოხვდა და საქართველოს ნაკრები გოლს გადაურჩა.

ევროშესარჩევი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა დაუმარცხებლად და გოლის გაშვების გარეშე დაასრულა, რაც ბრწყინვალე შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები