ჩაკ ვე ტა ძეეეე - გენტის ქომაგები გიორგის გვარს სკანდირებდნენ
Aa
Aa

ჩაკ ვე ტა ძეეეე - გენტის ქომაგები გიორგის გვარს სკანდირებდნენ

კონფერენს ლიგაზე, RFS-სთან გამართულ შეხვედრაში, გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, მიმდინარე საღამოს კი ბელგიის იუპილერლიგის მე-4 ტურში,  „მეხელენის" წინააღმდეგ, მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და თავი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.


საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თანაგუნდელ ნურიო ფორტუნას 90+2 წუთზე გაატანინა. ამ დროს „გენტი" შეხვედრას მინიმალური სხვაობით უკვე იგებდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელისთვის საკმაოდ ემოციური მომენტი დადგა. გულშემატკივრებმა გიორგის გვარის სკანდირება დაიწყეს. „ჩაკ ვე ტა ძეეეე“. „ჯვაროსნების“ შემტევმა ქომაგებს მადლობა გადაუხადა და მინდორი დატოვა.

ტრავმების გამო გაცდენილი პერიოდი

შეგახსენებთ, 21 წლის ქართველმა შემტევმა 2020-21 წლების სეზონში მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ბოლოს გიორგიმ 2020 წლის 4 ოქტომბერს „ბეერსხოტის“ წინააღმდეგ ითამაშა და მინდორზე მხოლოდ 28 წუთი გაატარა. მას შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

21 წლის ტალანტს თითქმის 1 წელია ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია, თუმცა რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა გასული სეზონის მეორე ნახევარსა და მიმდინარე ზაფხულში.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის ''დინამოს'' აღზრდილია და 2017 წლიდან ''გენტის'' ღირსებას იცავს, თუმცა 2019 წლიდან მოყოლებული გუნდს ტრავმების გამო ხშირად ვერ ეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები