„მინდა, უკეთესი კალათბურთელი გავხდე
Aa
Aa

„მინდა, უკეთესი კალათბურთელი გავხდე" - ბითაძემ NBA-ში გატარებული მეორე სეზონი შეაფასა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ სოციალურ ქსელებში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ქართველი კალათბურთელი NBA-ში გატარებულ მეორე სეზონზე საუბრობს.

„რაში მოვუმატე ამ სეზონში ყველაზე მეტად? პარკეტზე ყოფნისას და კალათბურთის თამაშისას თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, თანაც ამ სეზონში ტრავმების გამო დიდი დროც არ გამომიტოვებია. თანაგუნდელებთან მიმართებითაც ბევრი რამ შეიცვალა. პარკეტზე ყოფნისას ვიცი, სწორ დროს და სწორ მომენტში სად უნდა ვიყო. ვფიქრობ, დაცვაშიც მოვუმატე და საერთო ჯამში, მგონია, რომ ეს სეზონი ჩემთვის პირველზე უკეთესი იყო.

ჩემმა თანაგუნდელებმა იციან, რომ თუ სროლის შანსი მომეცემა და თავისუფალ პოზიციაში ვიქნები, ბურთს კალათისკენ აუცილებლად გავუშვებ. ბიჭები და მწვრთნელები ჩემს სროლას ენდობიან და მას მეც ვენდობი. ჩემი პროცენტი არ აჩვენებს, რომ ბურთს კარგად ვისვრი, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი სროლა მაქვს.

რატომ იყო ინდიანასთვის ეს სეზონი რთული? პირველ რიგში, ყურადღება ტრავმებზე უნდა გავამახვილოთ. ამ რეგულარულში სასტარტო ხუთეულის რამდენიმე კალათბურთელი გვაკლდა. ტი ჯე უორენმა თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა და ჯანმრთელობის პრობლემები სხვებსაც ჰქონდათ. ვფიქრობ, ბიჭებმა და მწვრთნელებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს, რადგან ეს სეზონი ძალიან რთული გახლდათ. ტრავმები, NBA-ის პროტოკოლი, გულშემატკივრების გარეშე ჩატარებული მატჩები, გადატვირთული კალენდარი. შესანიშნავი სამუშაო გავწიეთ და ჩვენი თავით უნდა ვიამაყოთ.

ამ ზაფხულს ყველა კომპონენტის გაუმჯობესებაზე ვაპირებ მუშაობას, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ჯერ კიდევ ვიზრდები და ბევრ რამეში მაქვს მოსამატებელი. მთავარ ყურადღებას საკუთარ ორგანიზმზე გავამახვილებ. ვეცდები, ფიზიკურად უფრო ძლიერი გავხდე, რადგან ძლიერი მაღლების მეურვეობა მევალება. რთულად ასაყვანი მაღლების წინააღმდეგ დაცვაში კარგად უნდა ვითამაშო და ვფიქრობ, ეს შემიძლია. ზოგადად, ყველა კომპონენტზე ვიმუშავებ, რათა უკეთესი კალათბურთელი გავხდე. ზაფხულის უდიდეს ნაწილს ინდიანაში გავატარებ, თუმცა საქართველოში დაბრუნება და ოჯახის წევრების ნახვაც მინდა. დიდი ხანია მათ არ შევხვედრილვარ და მცირე დროს საქართველოში გავატარებ“.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში გატარებულ მეორე სეზონში გოგამ მონაწილეობა 45 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 5.1 ქულას, 3.3 მოხსნასა და 1.3 დაფარებას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები