Aa
Aa

7 კაცით ითამაშეს და 2 მეკარე იყო - უცნაური მატჩი კოლუმბიაში, რომელიც 79-ე წუთზე დასრულდა

კოლუმბიაში ისტორიული მატჩი გაიმართა, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. კოლუმბიის უმაღლესი დივიზიონის მე-18 ტურში, „რიონეგრო აგილასი“ „ბოიაკა ჩიკოს“ დაუპირისპირდა და იძულებული გახდა, მხოლოდ 7 ფეხბურთელით ეთამაშა.

საქმე ისაა, რომ „აგილასის“ 16 მოთამაშეს ახლახან კორონავირუსი დაუდგინდა, 7-ს კი ტრავმა აწუხებს და სერიოზული საკადრო პრობლემები სწორედ ამან განაპირობა. კლუბის წარმომადგენლების თქმით, მათ მატჩის გადადება მოითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, შარშან კოლუმბიის ჩემპიონატში დაამტკიცეს დებულება, რომელიც ასეთი შემთხვევებისას სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. დებულების მიხედვით, თუ რომელიმე კლუბში Covid-19 გავრცელდა, მაგრამ მას ფიფას წესებით აუცილებელი ფეხბურთელების მინიმალური რაოდენობის, კერძოდ 7 მოთამაშის, მოედანზე გაყვანა მაინც შეუძლია, მატჩი არ გადაიდება.

შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, „აგილასმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „18... ბოდიში, 7 ფეხბურთელი, რომლებიც ისტორიაში ყველაზე უთანასწორო მატჩისთვის გამოიძახეს“.

დაპირისპირებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, „აგილასის“ მოთამაშეებმა პროტესტი მოედანზე გამოხატეს და ბანერები ეკავათ წარწერებით: „ფეარპლეი“ და „სიცოცხლე პირველ რიგში“.

აღსანიშნავია, რომ „აგილასის“ ძირითადში გამწესებული 7 ფეხბურთელიდან 2 მეკარე გახლდათ. ერთი მათგანი კარში იდგა, ხოლო მეორე დაცვაში თამაშობდა. 7-კაციანი შემადგენლობის მიუხედავად, მასპინძლებმა საწყისი 56 წუთის განმავლობაში კარი მშრალად შეინახეს. „ჩიკომ“ ანგარიში 57-ე წუთზე გახსნა და საბოლოოდ, 3-0 იმარჯვა. მატჩი კი 90-ის ნაცვლად, 79 წუთს გაგრძელდა. 79-ე წუთზე „აგილასის“ ფეხბურთელმა, ჯოვანი მარტინესმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რის შემდეგაც მსაჯმა შეხვედრა შეწყვიტა, რადგან 6 ფეხბურთელი ფიფას წესების მიხედვით აუცილებელ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლებია.

„ჩიკოსთან“ მარცხის შემდეგ, „აგილასმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა: „ეს მატჩი წავაგეთ, მაგრამ კორონავირუსთან ბრძოლაში გავიმარჯვებთ. თქვენით ვამაყობთ ბიჭებო“.

ცნობისთვის, „აგილასის“ განცხადების მიხედვით, კლუბმა შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ მძიმე სანქციები თავიდან აერიდებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები