''არ მიყვარს წინასწარ საუბარი'' - იაშვილმა მიქაუტაძესთან შეთანხმება ირიბად დაადასტურა
Aa
Aa

''არ მიყვარს წინასწარ საუბარი'' - იაშვილმა მიქაუტაძესთან შეთანხმება ირიბად დაადასტურა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა, რომელიც ფრანგული ''მეცის'' საკუთრებაა და ბელგიის რანგით მეორე ლიგის ''სერენშია'' განათხოვრებული.

ალექსანდრე იაშვილმა Postv-სთან საუბარში ირიბად დაადასტურა, რომ მიქაუტაძესთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია.

ალექსანდრე იაშვილი: ''არ მიყვარს წინასწარ საუბარი. მასთან მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია. ყველა ფეხბურთელს, ვისაც შეუძლია რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს, მაქსიმალურად დავეხმარებით. ბოლოს, როცა მას ქართული პასპორტი ექნება და FIFA-სგან ნებართვასაც მიიღებს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს, მე მოგცემთ აუცილებლად კომენტარს''.

იაშვილის თქმით ვილი სანიოლის ფაქტორი ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაციაა: ''დარწმუნებული ვარ ასეა, რადგან მას მთავარ მწვრთნელთან ფრანგულად საუბარი მოუწევს, თუმცა მიქაუტაძემ ქართულიც ძალიან კარგად იცის''.

მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატის 15 მატჩში 16 გოლი შეაგდო, თუმცა მე-16 გოლი გასული წლის 4 დეკემბერს გაიტანა და მას შემდეგ ორ ჩატარებულ შეხვედრაში გოლი თავით არ გამოუჩენია. ბელგიის ჩემპიონატის გასულ ტურში სენ ჟილის ''უინიონთან'' მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მეტოქის მცველების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო, 67-ე წუთზე შეცვალეს და იმის გამო, რომ სუსტად ითამაშა, საკმაოდ უკმაყოფილო ჩანდა.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული და საფრანგეთშია გაზრდილი. ამჟამად, კონტრაქტი ''მეცისთან'' აკავშირებს და ბელგიის რანგით მეორე ლიგაში იჯარით ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები