Aa
Aa

"კარიერის დასრულება მირჩევნია" - ოზილმა ტოტენჰემში გადასვლა გამორიცხა

მესუთ ოზილი დიდი ხანია "არსენალის" შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით თურქული ფესვების მქონე გერმანელი სულ მალე "ფენერბახჩეს" ღირსებას დაიცავს. საუბარი 3.5-წლიან კონტრაქტს ეხება. ლონდონური კლუბი კი მას კონტრაქტის მიხედვით დარჩენილ ხელფასს კომპენსაციის სახით გადაუხდის.

ამ ყველაფრის ფონზე კი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. ფანმა, სახელად ჯიმი ჩილაიდესმა მესუთს შემდეგი კითხვა დაუსვა: "შენი კონტრაქტი "არსენალში" დასასრულს უახლოვდება. მხოლოდ ერთი შემოთავაზება რომ გქონდეს და ეს ერთი "ტოტენჰემი" იყოს, რომელს აირჩევდი? გადასვლას თუ კარიერის დასრულებას?" - ოზილმა მოკლე პასუხი გასცა: "მარტივი კითხვაა, კარიერის დასრულება!"

შეგახსენებთ, რომ იოზილის მიერ წინა წლის დეკემბერში გამოქვეყნებული პოსტი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ფეხბურთის ასოციაციამ დაგმო. გარდა ამისა, იგი საფეხბურთო სიმულატორი, Pro Evolution Soccer-ის ჩინური ვერსიიდან და სოციალური ქსელი Weibo-დან გაქრა, სადაც მას დაახლოებით 4 მილიონი გამომწერი ჰყავდა. აქვე გეტყვით, რომ „არსენალი“ ჩინეთში რესტორნების ქსელს ფლობს და ადგილობრივი ლატარიის ოფიციალური პარტნიორი გახლავთ.

სწორედ ამ ყველაფერს უკავშირებს თავად ფეხბურთელი მისი გუნდიდან მოკვეთას. თურქული ფესვების მქონე გერმანელმა ფეხბურთელმა ამ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა და „მეთოფეები“ გააკრიტიკა. იოზილმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია და დღესდღეობით ერთგულება ძალიან იშვიათი რამაა. პოსტის ბოლოს კი აღნიშნა, რომ უსამართლობისა და სისასტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად თავის სახელს მომავალშიც გამოიყენებს.

მესუთ ოზილი ლონდონის "არსენალს" 2013 წელს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 254 შეხვედრა ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები