ფეხბურთი და პოლიტიკა - ბელარუსი საქართველოში დანაკლისით მოდის
Aa
Aa

ფეხბურთი და პოლიტიკა - ბელარუსი საქართველოში დანაკლისით მოდის

ბელარუსის ნაკრები 8 ოქტომბერს თბილისში გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება, თუმცა ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო მიხაილ მარხელის გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს.

მწვრთნელის გაფართოებულ სიაში არ იმყოფება ბელარუსელთა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფორვარდი ილია შკურინი, რომელიც მოსკოვის ცსკა-ში ასპარეზობს და მინსკში მიმდინარე აქციებისას მხარი ოპოზიციას დაუჭირა, რის შემდეგაც ნაკრები დატოვა.

შკურინმა განაცხადა, რომ სანამ ლუკაშენკო ქვეყანას მართავს, იქამდე იგი ნაკრებში არ ითამაშებს.

განაცხადს მიღმაა დარჩენილი ბელორუსელთა ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იური კენდიში, რომელიც საკმაოდ ტექნიკურია და შემოქმედებითი სტილი აქვს. ამ შემთხვევაში მარხელმა ის თავისი გემოვნებიდან გამომდინარე არ გამოიძახა.

სიაში არ იმყოფება ბელარუსთა ერთ-ერთი ლიდერი სტანისლავ დრაგუნია. 32 წლის ფეხბურთელს კოვიდ-19 დაუდგინდა და მოედანზე დაბრუნება 2 ოქტომბერს შეძლო, თუმცა მის შემთხვევაში ერთი მეტად საეჭვო და საინტერესო ვერსია არსებობს, რომელიც ასევე პოლიტიკას უკავშირდება.

კერძოდ, დრაგუნიამ სოციალური ქსელის საშუალებით მხარი დაუჭირა ქალ კალათბურთელთა ნაკრების წარმომადგენელ ელენა ლევჩენკოს, რომელიც აქციებში მონაწილეობის მიღებისთვის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით დასაჯეს.

დრაგუნიამ „ბატეში“ მის თანაგუნდელ ნიკოლაი სიგნევიჩთან ერთად ლევჩენკოს მხარდაჭერა გამოუცხადა და არსებობს მოსაზრება, რომ ის ნაკრებს მიღმა სწორედ ამიტომ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს გასამართ მატჩს შესაძლოა მაყურებელთა 30% დაესწროს. ამის უფლება უეფასგან მივიღეთ, ახლა ყველაფერს სახელმწიფო გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები