შეთანხმება მიღწეულია: მაკარიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია: მაკარიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე კარიერას თურქეთის უმაღლესი ლიგის კლუბ ''ერზურუმში'' გააგრძელებს. ფეხბურთელმა გასული სეზონი პორტუგალიურ ''სეტუბალში'' გაატარა და პორტუგალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო. მაკარიძემ თურქულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა ამ ეტაპზე მხარეებს შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

ქართველი ფეხბურთელი თურქულ კლუბთან კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს და ფორმალური საკითხი მოგვარდება.

2019-20 წლების სეზონში ''ერზურუმი'' თურქეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობდა, მეორე ადგილზე გავიდა და ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა.

მაკარიძის გარდა 2020-21 წლების სეზონში თურქეთის უმაღლეს ლიგაში საბა ლობჟანიძე (ანკარა) და ლევან შენგელია (ქონია) იასპარეზებენ.

გასული სეზონი გიორგი მაკარიძისთვის ძალიან პროდუქტიული გამოვიდა. მისი დიდი ძალისხმევით ''სეტუბალი'' ელიტაში დარჩა. 30 წლის ქართველმა ლეგიონერმა პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, მათგან 13 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

შეგახსენებთ, მაკარიძეს ასევე უთამაშია ''ლე მანში'', ''ფეირენსეში'', ''მორეირენსესა'' და ''რიუ ავეში''. 2019 წლიდან ''სეტუბალის'' ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები