კვარაცხელია: ''დავამტკიცებთ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს''
Aa
Aa

კვარაცხელია: ''დავამტკიცებთ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს''

ყაზანის ''რუბინის'' ლიდერმა და რუსეთის პრემიერ ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ''პირველ არხთან'' სანაკრებო თემაზე ისაუბრა. 19 წლის ფეხბურთელის თქმით ბელარუსთან შეხვედრა მისთვის პრიორიტეტულია.

ხვიჩა კვარაცხელია: ''ერთა ლიგის გათამაშების მატჩი ბელარუსთან ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. მთავარია, ამ შეხვედრას როგორ ფორმაში შეხვდებით.

თამაშით ფორმას ინარჩუნებ და უფრო აუმჯობესებ. ჩემთვის პრიორიტეტული ბელარუსთან მატჩია და ამისთვის ვემზადები. თუ საქართველოს ნაკრებს დავჭირდები, 100 პროცენტით მინდა საამისოდ მზად ვიყო. თუ შანსი მომეცემა, მინდა მწვრთნელებს და გულშემატკივრებს იმედები გავუმართლო. დავამტკიცებთ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს.''

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნულ გუნდში ერთადერთი მატჩი გასულ წელს, ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ''დინამო არენაზე'' გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარა. ვაისმა სასტარტოში ათამაშა. ამ პერიოდში კვარაცხელია მოსკოვის ''ლოკომოტივში'' ასპარეზობდა. ყაზანის ''რუბინში'' გადასვლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში არ უთამაშია.

მნიშვნელოვანია გამოვყოთ მწვრთნელის ფაქტორი. კვარაცხელიას პროდუქტიულობა ლეონიდ სლუცკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გაიზარდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა.

„ხვიჩა კვარაცხელია სეზონის განმავლობაში Матч Премьер-ის ექსპერტთა ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე 5-ჯერ გახდა, სამი გოლი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, ორი თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით ლიგაში მეორე იყო“, - წერია „რუბინის“ ოფიციალურ საიტზე.

შეგახსენებთ, რომ ყაზანურმა კლუბმა ახლახანს დასრულებულ სეზონში 35 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილი დაიკავა.

ფოტო: gettyimages.com, gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები