ბირმინგემმა საფეხბურთო სამყარო გააოცა - ლურჯებმა ბელინგემის მაისური ხმარებიდან ამოიღეს
Aa
Aa

ბირმინგემმა საფეხბურთო სამყარო გააოცა - ლურჯებმა ბელინგემის მაისური ხმარებიდან ამოიღეს

ჩემპიონშიპში მოასპარეზე „ბირმინგემი“ საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე ისაა, რომ „ლურჯებმა“ „დორტმუნდში“ გადასული 17 წლის ფეხბურთელის, ჯუდ ბელინგემის ნომერი ხმარებიდან ამოიღეს, რასაც „ნისლიან ალბიონზე“ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

ბელინგემმა „ბირმინგემის“ მაისურით საერთო ჯამში 44 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს მისი მაისურის უკვდავსაყოფად საკმარისი აღმოჩნდა...

„22-ნომრიანი მაისური ჯუდთან, 16 წლის ასაკში მის მიერ ძირითად გუნდში აღმასვლასთან და მის თვისებებთან ასოცირდება. გამომდინარე აქედან, კლუბმა გადაწყვიტა, მისი მაისური ხმარებიდან ამოიღოს, რათა საკუთარი აღზრდილი ბიჭი ბირმინგემში სამუდამოდ დაამახსოვრდეთ და მან სხვები შთააგონოს“, - წერია „ლურჯების“ განცხადებაში.

ბელინგემი ბობი მურს, მარადონას, მალდინის, ბარეზის, ძანეტის, კრუიფსა და სხვა ლეგენდებს შეუერთდა, მაგრამ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა „ბირმინგემის“ გადაწყვეტილება მიწასთან გაასწორეს და სამარცხვინო უწოდეს... მათი თქმით, საცოდავობაა, ფეხბურთელს, რომელმაც ძირითად გუნდში მხოლოდ 44 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, წილად ასეთი პატივი რომ ხვდა. „ბირმინგემის" ქომაგებსაც კი უჭირთ ახსნან, რით დაიმსახურა ბელინგემმა ასეთი აღიარება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები