შსს: ''გამოიკვეთა პირი, რომელიც შაქარაშვილის საქმეში უშუალოდ მონაწილეობდა''
Aa
Aa

შსს: ''გამოიკვეთა პირი, რომელიც შაქარაშვილის საქმეში უშუალოდ მონაწილეობდა''

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით აღნიშნულ საქმეზე 17 დაკავებული პირიდან გამოკვეთილია 1 პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში.

ვლადიმერ ბორცვაძე: ''გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. დაკავებულებს ბრალი ედებათ შემდეგი მიმართულებებით: ჯგუფური ძალადობის დაორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ოთხიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ 19 ივნისს ნარეკვავის დასახლებაში სტუმრების ორ ჯგუფს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური ძალადობის შემდეგ კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა. ამ ჯგუფმა ძალადობა დააორგანიზა და ჯგუფის წევრები თბილისიდან მცხეთაში გაემგზავრნენ.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ნარეკვავის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ დროს გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაქცეულებს დაედევნენ, რომლებმაც მდინარის კალაპოტში მიმდებარე ტერიტორიაზე მიმალვა სცადეს.

მოძალადეებმა გააგრძელეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი თავის დაღწევის მიზნით მდინარის კალაპოტის მიმართულებით გაიქცა, ხოლო მისი მეგობარი გ. ა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი სამაშველო სამძებრო სამუშაობის შედეგად მდინარე არაგვის ხეობაში აღმოაჩინეს. ვინაიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არაა და ჯერჯერობით გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, გრძელდება გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე.

გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდეგ შესაძლოა საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს. გარდაცვლილის ოჯახთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გამოძიების შესახებ ინფორმაციას ინტენსიურად ვაწვდით.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები