Aa
Aa

რამოსი: „ჩემპიონობის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ"

„რეალის“ კაპიტანი, სერხიო რამოსი აცხადებს, რომ „სამეფო კლუბი“ ესპანეთის ჩემპიონობას უმიზნებს და ტიტულის დასასაკუთრებლად უკან არაფერზე დაიხევს. 34 წლის მცველმა ინტერვიუ ლა ლიგის ოფიციალურ არხს მისცა და „ბლანკოსის“ ამბიციების შესახებ ისაუბრა.

„ძალიან ბედნიერი ვარ სამი ქულითა და მოედანზე დაბრუნებით. კიდევ 10 ფინალი გვაქვს სათამაშო და ჩემპიონობის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

ფეხბურთის დაბრუნება მთელი ქვეყნისთვის დიდი ბედნიერებაა. ყველაფერი ნორმალურ რიტმს უბრუნდება და ყველასთვის, ისე, როგორც ჩვენთვის, მოედანზე გასვლა უმნიშვნელოვანესი იყო.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოედანზე დასაბრუნებლად და ფორმის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, ბევრ კომპონენტში უნდა მოვუმატოთ, თუმცა ვფიქრობ მატჩი მაღალ დონეზე ჩავატარეთ“.

„რეალი“ სეზონის განახლების შემდეგ პირველ შეხვედრაში „ეიბარს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3-1 დაამარცხა. მადრიდელთა მხრიდან თავი კროოსმა, რამოსმა და მარსელომ გამოიჩინეს. „ეიბართან“ აღებული 3 ქულის შემდეგ, „ბლანკოსის“ ანგარიშზე 59 ქულაა. ზიდანის გუნდი „ბარსას“ 2 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრაში „ვალენსიას“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები