კალაძის მაკრატელა, ზეედორფის დუბლი: შთამბეჭდავი გამარჯვება იტალიის თასზე
Aa
Aa

კალაძის მაკრატელა, ზეედორფის დუბლი: შთამბეჭდავი გამარჯვება იტალიის თასზე

პანდემიისას, როცა თითქმის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყვეტილია, პერიოდულად წარსულიდან გთავაზობთ ქართველი ლეგიონერების მნიშვნელოვან გოლებს.

2002-03 წლების იტალიის თასის მეოთხედფინალში, ვერონას "კიევო" კარლო ანჩელოტის ''მილანს'' დაუპირისპირდა. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. საპასუხო მატჩში კი ''როსონერიმ" სტუმრად ხუთი გოლი გაიტანა და ლუიჯი დელნერის გაწვრთნილი გუნდი 5:2 გაანადგურა.

ვერონაში გამართული შეხვედრის პირველ წუთზე, კახა კალაძემ აკრობატულ ნახტომში ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა.

ქართველი მცველის გარდა ''მილანის'' მხრიდან გოლები ტომასონმა და სამუელე დალა ბონამ გაიტანეს, ხოლო ჰოლანდიელმა კლარენს ზეედორფმა დუბლი შეასრულა.

"კიევოსთან'' გამარჯვების შემდეგ ''მილანმა'' ნახევარფინალში ''პერუჯა'' დაამარცხა, ხოლო ორმატჩიან ფინალურ დაპირისპირებაში კალაძის გუნდმა ფრანჩესკო ტოტის ''რომას'' 6:3 სძლია.

კახა კალაძემ "შავ-წითელთა" რიგებში იტალიის თასი მხოლოდ ერთხელ, აღნიშნულ სეზონში მოიგო. ეს სეზონი მის კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით იყო დასამახსოვრებელი, ''მილანმა'' ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის ''იუვენტუსს'' პენალტების სერიაში სძლია. ეს იყო კალაძის პირველი ევროპული ტრიუმფი.

კახა კალაძე ''მილანში'' 2001-10 წლებში ასპარეზობდა. გუნდთან ერთად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა, ერთხელ კი იტალიის სერია ა-ს ჩემპიონობა იზეიმა. ქართველი მცველი ''მილანის'' ''დიდების დარბაზის'' წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები