არველაძის რეკომენდაციით ვაწაძე უზბეკურ კლუბში ითამაშებს
Aa
Aa

არველაძის რეკომენდაციით ვაწაძე უზბეკურ კლუბში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მათე ვაწაძე კარიერას უზბეკურ აგმკ-ში გააგრძელებს. 31 წლის თავდამსხმელმა ახალ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა:''დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შოთა არველაძეს, რომელმაც აგმკ-ში რეკომენდაცია გამიწია. სასიამოვნოა, რომ ახალ გუნდში ელგუჯა გრიგალაშვილთან ერთად ვითამაშებ, ის ხომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელია. მოლაპარაკების მიმდინარეობისას როგორც შოთა არველაძის, ასევე ელგუჯა გრიგალაშვილის ავტორიტეტული სიტყვა მნიშვნელოვანი იყო. იმედი მაქვს ახალ გუნდში თავს კარგად წარმოვაჩენ და გუნდისთვის მნიშვნელოვან გოლებს გავიტან.''

2019 წლის სეზონში ელგუჯა გრიგალაშვილმა აგმკ-ს რიგებში უზბეკეთის თასისა და უზბეკეთის ლიგის თასის ფინალში ითამაშა, თუმცა ორივე გადამწყვეტი შეხვედრა შოთა არველაძის ტაშკენტის ''ფახთაქორის'' გამარჯვებით დასრულდა.

2019 წლის ზაფხულში მათე ვაწაძე ''ქიზილქუმის'' ფეხბურთელი გახდა და სუპერლიგის 12 მატჩში 3 გოლი შეაგდო. ''ქიზილქუმში'' ვაწაძის თანაგუნდელი ლაშა თოთაძე იყო, სწორედ თოთაძემ შესთავაზა კლუბის ხელმძღვანელებს ვაწაძის დამატება და შემდეგ შედგა შეთანხმება.

მათე ვაწაძემ პროფესიული საფეხბურთო კარიერა თბილისის ''დინამოში'' დაიწყო. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გარდა გორის ''დილას,'' რუსული ''ვოლგასა'' და 3 დანიური კლუბის, ''ორჰუსის,'' ''ვიბორგისა'' და ''სილკებორგის'' ღირსებას იცავდა. ასევე 2016 წელს რამდენიმე თვე თბილისის ''ლოკომოტივში'' გაატარა.

2013-14 წლების სეზონში დანიურმა ''ორჰუსმა,'' რომლის რიგებში დავით დევდარიანი, მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე ირიცხებოდნენ, სუპერლიგა დატოვა. ქართველი ფეხბურთელები კლუბს რანგით მეორე ლიგაში გაყვნენ. ვაწაძე 20 გოლით დანიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ''ორჰუსი'' სუპერლიგას დაუბრუნდა. მათემ დანიის სუპერლიგაში არაერთი შეხვედრა ჩაატარა, ერთ-ერთი გამორჩეული ''ბრონდბიუსთან'' მატჩი იყო, როცა დუბლი შეასრულა და ''ორჰუსს'' გამარჯვება მოაპოვებინა.

ვაწაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. კახა ცხადაძის მთავარი მწვრთნელობის შემდეგ ეროვნულ გუნდში არ მიუწვევიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები